„სიენენი“ – „ფლაიდუბაის“ რეისზე თვითმფრინავის გატაცების მცდელობაში ეჭვმიტანილ მეორე პილოტს, სავარაუდოდ, ისრაელის აეროპორტზე თავდასხმა სურდა
„ფლაიდუბაის“ რეისზე თვითმფრინავის გატაცების მცდელობაში ეჭვმიტანილ მეორე პილოტს, სავარაუდოდ, ისრაელის აეროპორტზე თავდასხმა სურდა, – ამის შესახებ „სიენენი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.
არაბთა გაერთიანებული საამიროების გენერალური პროკურორის თქმით, მეორე პილოტმა კოლეგას საავარიო ცული დაარტყა. პროკურორმა მომხდარი „ტერორისტულ აქტად“ შეაფასა.
გამოძიებას არაბთა გაერთიანებული საემიროები ხელმძღვანელობს. ისრაელელი წყაროების თქმით, გამოძიება ადრეულ ეტაპზეა და ეჭვმიტანილის განზრახვა ბოლომდე გაურკვეველია.
არ არის დადგენილი, რატომ დაესხა ის მთავარ პილოტს თავს საუდის არაბეთის საჰაერო სივრცეში, თუ მიზანი ისრაელში აეროპორტის დარტყმა იყო.
„სიენენის“ ინფორმაციით, მეორე პილოტი, სავარაუდოდ, მარტო მოქმედებდა და ისრაელს ტერორისტულ ორგანიზაციასთან მის კავშირზე ინფორმაცია ჯერ არ აქვს.
გამოცემის წყაროების თქმით, ის ადრე ომანის ეროვნულ ავიაკომპანიაში მუშაობდა და პილოტობისთვის ემზადებოდა, თუმცა მისი ექსტრემისტული შეხედულებების გამო საოფისე სამუშაოზე გადაიყვანეს.