„სიენენი“ - დონალდ ტრამპს საერთაშორისო შუამავლების მიერ შემუშავებულ 45-დღიან ცეცხლის შეწყვეტის გეგმისთვის მხარი არ დაუჭერია
„სიენენი“ - დონალდ ტრამპს საერთაშორისო შუამავლების მიერ შემუშავებულ 45-დღიან ცეცხლის შეწყვეტის გეგმისთვის მხარი არ დაუჭერია

აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს საერთაშორისო შუამავლების მიერ შემუშავებულ 45-დღიან ცეცხლის შეწყვეტის გეგმისთვის მხარი არ დაუჭერია. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედია თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, რომ დონალდ ტრამპმა წინადადებას ხელი არ მოაწერა.

„ეს მრავალი იდეიდან ერთ-ერთია“, – განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა და აღნიშნა, რომ ირანში აშშ-ის სამხედრო ოპერაცია სწრაფი ტემპით გრძელდება.

გავრცელებული ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი მიმდინარე ომთან დაკავშირებით განცხადებას, სავარაუდოდ, დღეს თეთრ სახლში დაგეგმილ პრესკონფერენციაზე გააკეთებს.

სიენენის“ ინფორმაციით, ორ ქვეყანას შორის შუამავლის როლს პაკისტანი, ეგვიპტე და თურქეთი ასრულებდნენ, თუმცა არაპირდაპირი მოლაპარაკებები გასულ კვირას შეჩერდა, პირისპირ შეხვედრისთვის მუშაობა კი, სავარაუდოდ, დასრულდა.

გავრცელებული ცნობით, უახლესი წინადადება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას არაღჩის და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს გაეგზავნათ.

ცნობისთვის, „როიტერი“ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ირანმა და აშშ-მა საომარი მოქმედებების დასრულებისა და ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტის შესახებ გეგმა მიიღეს. როგორც „როიტერი“ წერს, ინფორმირებულმა წყარომ გამოცემასთან აღნიშნა, რომ გეგმა, შესაძლოა, ორშაბათს ამოქმედდეს და ჰორმუზის სრუტე ხელახლა გაიხსნას. მანამდე, კვირას „აქსიოსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები, ირანი და რეგიონული შუამავლები განიხილავენ ცეცხლის პოტენციურ 45-დღიან შეწყვეტას, როგორც ორფაზიანი შეთანხმების ნაწილს, რამაც შესაძლოა, ომის საბოლოოდ დასრულება გამოიწვიოს.