„სიენენი“ - დონალდ ტრამპმა აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელად, შესაძლოა, თავისი დაცვის უფროსი შონ ქარანი დანიშნოს
„სიენენი“ - დონალდ ტრამპმა აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელად, შესაძლოა, თავისი დაცვის უფროსი შონ ქარანი დანიშნოს

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქვეყნის საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე, შესაძლოა, თავისი დაცვის უფროსი შონ ქარანი დანიშნოს.

ამის შესახებ „სიენენს“ ანონიმურმა წყაროებმა უთხრეს.

„სიენენის“ წყაროების ინფორმაციით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში შონ ქარანი დონალდ ტრამპის დაცვას ხელმძღვანელობდა, მას მჭიდრო პირადი ურთიერთობა აქვს არჩეულ პრეზიდენტთან.

თუმცა ზოგიერთმა წყარომ ასევე გამოთქვა სერიოზული შეშფოთება, რომ შონ ქარანს არ აქვს საკმარისი მმართველობითი გამოცდილება ისეთი დიდი და რთული უწყების ხელმძღვანელობისთვის, როგორიც არის საიდუმლო სამსახური.

შონ ქარანს ასევე არასდროს უხელმძღვანელია ისეთი ბიუჯეტით ან ოპერაციებით, როგორიც საიდუმლო სამსახურს აქვს.

დანიშვნის შემთხვევაში შონ ქარანი რონალდ როუს შეცვლის, რომელიც თანამდებობას მას შემდეგ იკავებდა, რაც კიმბერლი ჩიტლი გასული წლის ივლისში, დონალდ ტრამპზე განხორციელებული პირველი თავდასხმის შემდეგ თანამდებობიდან გადადგა.