„სიენენი“ – დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი სპარსეთის ყურის ქვეყნის ლიდერებთან, რეგიონული დაძაბულობის ფონზე, სატელეფონო საუბრებს მართავს
დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, ენდი ბერნემმა ბოლო 24 საათი სპარსეთის ყურის ქვეყნების ლიდერებთან საუბარში გაატარა, – ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ დაუნინგ სტრიტზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, რეგიონულ პარტნიორებთან სატელეფონო ზარების პირველი რაუნდი მან თავდაცვითი და სავაჭრო კავშირების გასამყარებლად, ასევე ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტების დეესკალაციისკენ მიმართული დიპლომატიური ძალისხმევის განსახილველად გამოიყენა.
პრემიერ-მინისტრი, რომელიც თანამდებობას 20 ივლისიდან იკავებს, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, კატარისა და ქუვეითის ლიდერებს ესაუბრა. გავრცელებული ცნობით, ცალკეული სატელეფონო ზარების დროს ენდი ბერნემმა საუდის არაბეთსა და ქუვეითზე ირანის მიერ განხორციელებული ბოლოდროინდელი თავდასხმები დაგმო, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ქვეყანაში მცხოვრები ბრიტანეთის მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვაში დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და დადებითად შეაფასა არაბთა გაერთიანებული საამიროების ძალისხმევა, რომელიც შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მოლაპარაკებების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.
უსაფრთხოების საკითხების მიღმა, ბერნემმა ყურის ქვეყნების ლიდერებს ასევე გაუზიარა სურვილი, გააძლიეროს რეგიონთან ვაჭრობა და ინვესტიციები, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას მთელ დიდ ბრიტანეთში. გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა საუდის არაბეთთან და ქუვეითთან უფრო მჭიდრო თავდაცვითი პარტნიორობის საკითხებიც განიხილა.