„სიენენი“ და „ბიბისი“ საუდის არაბეთიდან საქართველოში გამოქცეული დების შესახებ წერენ
„სიენენი“ და „ბიბისი“ საუდის არაბეთიდან საქართველოში გამოქცეული დების შესახებ წერენ

​საუდელი დების ისტორიას, რომლებიც სამშობლოდან საქართველოში გამოიქცნენ და თავშესაფარს ითხოვენ, საერთაშორისო წამყვანი მედიასაშაუალებები აშუქებენ.

„სიენენის“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ სამშობლოდან გაქცეული საუდელი დები დახმარებას საერთაშორისო საზოგადოებას სთხოვენ.

ამერიკული ტელეკომპანიის ჟურნალისტ სალმა აბდელაზიზის მიერ მომზადებულ მასალაში აღნიშნულია, რომ დები გამოიქცნენ იმ ქვეყნიდან, სადაც გაქცევის გამო ქალები ისჯებიან ან სულაც ქრებიან. ამის მიუხედავად, 25 წლის ვაფა ზაიედ ალ-სუბაი და 28 წლის მაჰა სამშობლოდან მაინც წამოვიდნენ. ახლა საქარველოში, თბილისში იმყოფებიან და თავშესაფარს სხვა ქვეყნებისგან ითხოვენ.

„სიენენის“ სტატიაში აღნიშნულია, რომ ვაფა და მაჰა საუდის არაბეთში წლების განმავლობაში საკუთარ ოჯახში მძევლებივით ცხოვრობდნენ. მთელი ცხოვრება გოგონები ოჯახის მამაკაცი წევრების მხრიდან ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი იყვნენ. მათ უფლებებს კი სამშობლოში არავინ იცავდა. ისინი გაქცევას ხუთი წლის განმავლობაში გეგმავდნენ.

სტატიაში აღნიშნულია, რომ საუდელმა დებმა დახმარების მიღების მიზნით სოციალურ ქსელში სპეციალური ვიდეომიმართვაც გაავრცელეს.

„ჩვენ საფრთხეში ვართ და თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება რომ ხმა მოგაწვდინოთ. ჩვენ დაცვა გვინდა. გვჭირდება ქვეყანა, რომელიც მიგვიღებს და დაგვიცავს“, – აცხადებენ დები ვიდეომიმართვაში. ამასთან, დები ამბობენ, რომ სავარაუდოდ მათი პასპორტები უკვე გაუქმებულია, რადგან ავსტრალიაში გამგზავრებისთვის ვიზის მიღების მცდელობის დროს მათ უკვე პრობლემები შეექმნათ.

„სიენენის“ სტატიაში ასევე განმარტებულია, რომ ამერიკული მედიაკომპანიის წარმომადგენლები სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოს დაუკავშირდნენ და მომხდართან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება სთხოვეს, თუმცა „სიენენის“ თხოვნა დიპლომატიური უწყებისგან უპასუხოდ დარჩა.

„სიენენი“ განმარტავს, რომ დების ისტორიის გასაჯაროების შემდეგ ისინი სამართალდამცველებმა გამოკითხეს. მოგვიანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ დების გამოკითვის მიზანი, დაზმარების გაწევა და უსაფრთხოება იყო.

საქართველოში მყოფი საუდელი დების ისტორიას ყვება „ბიბისიც“. ბრიტანული მედიაკომპანიის განმარტებით, არაბული სამეფოდან გამოქცეული დების ისტორიამ საერთაშორისო ყურადღება მას შემდეგ მიიქცია, რაც მაჰამ და ვაფამ სოციალურ ქსელში სპეციალური კამპანია წამოიწყეს. სტატიაში განმარტებულია, რომ დები დახმარებას გაეროს თხოვენ.

„ბიბისის“ სტატიაში განმარტებულია, რომ დები საქართველოში თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ, რადგან ამ ქვეყანაში ნებისმიერ ნათესავს მათი მარტივად პოვნა შეუძლია.

დატოვე კომენტარი