„სიენენი“ – ბირთვული შეთანხმება, რომელიც საუდის არაბეთს ურანის გამდიდრების უფლებას მისცემს, ტრამპის ადმინისტრაციის ხელმოწერის მოლოდინშია
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია წინასწარ დათანხმდა, რომ საუდის არაბეთს ურანის გამდიდრების უფლება მისცეს იმ საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების ამოქმედების გარეშე, რომლებიც ბირთვული იარაღის შექმნის თავიდან აცილებას ისახავს მიზნად. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ მიღებულ დოკუმენტებსა და პროცესთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, ბირთვული შეთანხმების პროექტი, რომელიც აშშ-ის მხრიდან საუდის არაბეთის სამოქალაქო ბირთვული პროგრამის მხარდაჭერას ითვალისწინებს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელმოწერას ელოდება, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-სა და საუდის არაბეთს შორის მოლაპარაკებები 2025 წლის ოქტომბერში დასრულდა.
ორი წყაროს ცნობით, შეთანხმებაზე ტრამპის ხელმოწერის გადადებაში გარკვეული როლი ირანთან მიმდინარე ომმაც ითამაშა, რომელიც, ტრამპის განცხადებით, ნაწილობრივ იმის თავიდან ასაცილებლად დაიწყო, რომ თეირანს ურანის გამდიდრებული მარაგი ბირთვული იარაღის შესაქმნელად არ გამოეყენებინა. ერთ-ერთი წყაროს თქმით, ადმინისტრაცია შეთანხმების დამტკიცებას აჭიანურებს, რადგან შესაძლოა, მას კონგრესში ორპარტიული წინააღმდეგობა შეხვდეს და შეთანხმების ძალაში შესვლა დაბლოკოს.
ექსპერტების შეფასებით, თუ შეთანხმებას მკაცრი უსაფრთხოების მექანიზმები არ დაემატება, ის საუდის არაბეთს მომავალში ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობას მისცემს. საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცს, მოჰამედ ბინ სალმანს მანამდე ნათქვამი აქვს, რომ თუ ირანი ბირთვულ იარაღს შექმნის, იმავე გზას მისი ქვეყანაც დაადგება.
„სიენენი“ ოთხ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ შეთანხმება, რომელიც მოიცავს სამოქალაქო ბირთვული თანამშრომლობის ე.წ. 123-ე შეთანხმებას და ბირთვული უსაფრთხოების სავალდებულო შეთანხმებას, კონგრესისთვის განსახილველად ჯერ კიდევ არ გადაუგზავნიათ, მიუხედავად იმისა, რომ, ფედერალური კანონის მიხედვით, თეთრმა სახლმა ეს ხელმოწერის შემდეგ უნდა გააკეთოს.
თეთრმა სახლმა შეთანხმებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს არ უპასუხა. კომენტარი არ გაუკეთებია არც საუდის არაბეთის საელჩოს ვაშინგტონში.