„სიენენი“ – ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჯარედ კუშნერს განუცხადა, რომ „ჰამასის“ სრულ განიარაღებამდე ისრაელის ჯარები ღაზის სექტორს არ დატოვებენ
ისრაელის ოფიციალური პირის თქმით, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჯარედ კუშნერს განუცხადა, რომ „ჰამასის“ სრულ განიარაღებამდე ისრაელის ჯარები ღაზის სექტორს არ დატოვებენ, – ამის შესახებ „სიენენი“ წერს. მედიის ცნობით, ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ჯარები რეგიონს მხოლოდ მაშინ დატოვებენ, როდესაც დაჯგუფება განადგურდება და ღაზის სექტორის რეკონსტრუქცია დაიწყება.
თანამდებობის პირის განცხადებით, ორივე მხარე შეთანხმდა, რომ ამერიკული მხარე „ჰამასის“ განიარაღებას გააკონტროლებს, რაც ანკლავის დემილიტარიზაციის პირველი ნაბიჯი უნდა იყოს.
მედიის ინფორმაციით, თავად დაჯგუფება განიარაღებაზე უარს აცხადებს. ნეთანიაჰუს ოფისის ოფიციალური პირის ცნობით, მომლაპარაკელებლები, რომელთა შორის ასევე იყვნენ „მშვიდობის საბჭოს“ დირექტორი ნიკოლაი მლადენოვი და დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი, შეთანხმდა, რომ სამუშაო ჯგუფები შეიქმნება განიარაღების, სანიტარიის, სუფთა წყლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საკითხებზე.
ცნობისთვის, დღეს ახლო აღმოსავლეთში დონალდ ტრამპის წარმომადგენელი ჯარედ კუშნერი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. კუშნერი ისრაელში კვირას საღამოს ეგვიპტიდან ჩავიდა მას შემდეგ, რაც ღაზის სამშვიდობო გეგმის განხორციელების თაობაზე „ჰამასთან“ მოლაპარაკებები გამართა. როგორც „ბიბისისთან“ პალესტინელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, კუშნერი „ჰამასის“ ახალი ლიდერის, ხალილ ალ-ჰაიას დელეგაციას შეხვდა, რაც გასული წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ, მაღალ დონეზე გამართული პირველი შეხვედრაა, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ ტრამპის „მშვიდობის საბჭოს“ წარმომადგენლები ნიკოლაი მლადენოვი და ტონი ბლერი, ასევე ეგვიპტის, კატარისა და თურქეთის წარმომადგენლები.
გასულ კვირას ისრაელმა უარყო ტრამპის 15-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, რომელიც ასევე ითვალისწინებს ისრაელის ჯარების გაყვანას და ღაზის აღდგენას ახალი სამოქალაქო პალესტინური ადმინისტრაციის მართვის ქვეშ. უარყოფას წინ უსწრებდა ტრამპის „მშვიდობის საბჭოს“ განცხადება, რომ მიღწეული იყო შეთანხმება „ჰამასისა“ და სხვა შეიარაღებული ჯგუფების „სრულ განიარაღებაზე“.