„სიენენი“ - ავსტრიის კანცლერი აცხადებს, რომ რუსული გაზის ახლავე შეწყვეტა შეუძლებელია
ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი აცხადებს, რომ რუსული გაზის ახლავე შეწყვეტა შეუძლებელია. მისი თქმით, სანქციებმა ზიანი უნდა მიაყენოს რუსეთს და არა ევროკავშირს. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
როგორც კანცლერი განმარტავს, ავსტრია ერთადერთი არ არის, ვისაც გაზის ემბარგოს წინააღმდეგ ასეთი არგუმენტი აქვს. ნეჰამერი აღნიშნავს, რომ გერმანიასა და უნგრეთსაც მსგავსი პოზიცია აქვთ. ამავდროულად, ავსტრია ევროკავშირის გვერდით მტკიცედ დგას რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით.
„ნავთობი უკვე განიხილება ევროკომისიასა და ევროპულ საბჭოში. გაზის საკითხი ცალკეა. ეს მხოლოდ ავსტრიის პოზიცია არ არის, ეს ასევე გერმანიის, უნგრეთისა და ბულგარეთის პოზიციაა, რადგან ჩვენ დამოკიდებული ვართ გაზზე. ჩვენი მრეწველობა დამოკიდებულია გაზზე. ამიტომ ჩვენ უნდა განვსაზღვროთ, რომელი სანქციები ავნებს რუსეთს, ვიდრე გვავნებს ჩვენ“, – აცხადებს ავსტრიის კანცლერი.
ამასთან, ნეჰამერი არ მიიჩნევს, რომ გაზის ემბარგოსთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა ევროკავშირში განხეთქილებას გამოიწვევს.
„ჩვენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით გაერთიანება გადავწყვიტეთ და უკვე მიღებული სანქციები ძალიან მტკიცე და ძლიერია“, – აღნიშნავს ნეჰამერი.