„სიენენი“ - ავსტრიის ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მათთვის რუსეთის წინააღმდეგ ყველა სანქცია მისაღებია, ბუნებრივ აირზე ემბარგოს გარდა
ავსტრიის ფინანსთა მინისტრის, მაგნუს ბრუნერის განცხადებით, მათთვის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ყველა სანქცია მისაღებია, ბუნებრივ აირზე ემბარგოს დაწესების გარდა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
„როდესაც სანქციები უფრო მეტად გირტყამს შენ, ვიდრე მას, ვისთვისაც გამიზნულია, ვფიქრობ სარგებელი აქედან არც ისე დიდია. ავსტრიის მრეწველობა იმდენად არის დამოკიდებული რუსულ გაზზე, რომ ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს“, – განაცხადა მაგნუს ბრუნერმა.
როგორც „სიენენი“ წერს, გასულ წელს ევროკავშირმა 100 მილიარდი ევროს ღირებულების რუსული ენერგორესურსების იმპორტი განახორციელა. ევროკავშირის ბუნებრივი აირის მარაგის 40%-ის შევსებას სწორედ რუსეთისგან იმპორტით ახორციელებს. რუსული ნავთობის წილი ევროკავშირში 27%-ს შეადგენს, ქვანახშირის კი, 46%-ს. მარტში ბლოკის წევრმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს, რომ რუსული ენერგორესურების შეძენა მიმდინარე წლის ბოლოს 66%-ით შეამცირონ, ხოლო 2027 წლისთვის სრულიად გათავისუფლდნენ რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულებისგან.