„სიენენი“ - აშშ-მა ირანის მიერ სამხედრო ტექნიკის გადაადგილება დააფიქსირა, რაც შესაძლოა, ისრაელზე დარტყმების სამზადისის ნიშანი იყოს
„სიენენი“ - აშშ-მა ირანის მიერ სამხედრო ტექნიკის გადაადგილება დააფიქსირა, რაც შესაძლოა, ისრაელზე დარტყმების სამზადისის ნიშანი იყოს

აშშ-მა ირანის მიერ სამხედრო ტექნიკის გადაადგილება დააფიქსირა, რაც შესაძლოა, ისრაელზე დარტყმების სამზადისის ნიშანი იყოს. ამის შესახებ „სიენენი“ აშშ-ის დაზვერვაში ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

ტელეკომპანიის ცნობით, კერძოდ, საუბარია უპილოტო საფრენი აპარატებისა და ფრთოსანი რაკეტების გადატანაზე, რაც შეიძლება მიუთითებდეს, რომ ირანი საკუთარი ტერიტორიიდან ემზადება ისრაელზე დარტყმებისთვის.

ერთ-ერთი წყაროს ცნობით, აშშ-მა დააფიქსირა, თუ როგორ მზადდებოდა 100 ფრთოსანი რაკეტა გასაშვებად.

ამასთან, ტელეკომპანიის ანონიმური წყაროს განცხადებით, ვაშინგტონი ჯერ ცალსახად ვერ ადასტურებს, რომ ირანი ისრაელზე დარტყმას საკუთარი ტერიტორიიდან მიიტანს, რადგანაც შეიარაღების გადაადგილება, შესაძლოა, იყოს ისრაელისა ან აშშ-ის მხრიდან სავარაუდოდ საპასუხო დარტყმებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად მზადების ნაწილი.

„სიენენის“ ცნობით, ირანს არ სურს, ჩათრეული იყოს ისრაელსა და აშშ-თან კონფრონტაციაში და ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ თეირანმა ისრაელზე პირველი დარტყმებისთვის საკუთარი მარიონეტები გამოიყენოს.

როგორც ცნობილია, ისრაელი და აშშ ემზადებიან ირანის მხრიდან ისრაელის ტერიტორიაზე შესაძლო დარტყმებისთვის, რაც პირველ აპრილს სირიის დედაქალაქში მდებარე ირანის საკონსულოზე განხორციელებული დარტყმის საპასუხოდ არის მოსალოდნელი. ამ დარტყმას ირანი რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალჩინოსნები ემსხვერპლნენ.