„სიენენი“ – აშშ-მა ჰორმუზის სრუტეში გემების რეკორდული რაოდენობა გაატარა, ოპერაციის დროს ამერიკელმა სამხედროებმა ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები ჩამოაგდეს და დრონების შეტევა მოიგერიეს
აშშ-ის სამხედროებმა ბოლო 24 საათში ჰორმუზის სრუტეში გემების რეკორდული რაოდენობა გაატარეს. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, საუბარია 40 ხომალდზე, რომლებმაც ჰორმუზის სრუტე ამერიკელი სამხედროების დახმარებით ბოლო დღე-ღამეში გაიარეს.
„სიენენის“ ცნობით, ამ ოპერაციის დროს აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები ჩამოაგდეს და დრონების შეტევა მოიგერიეს.
თავის მხრივ, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ექსპორტი 24 საათში 18 მილიონ ბარელამდე აღდგა.
როგორც „სიენენთან“ საუბარში აშშ-ის ოფიციალური პირები აღნიშნავენ, მიუხედავად წარმატებული ოპერაციისა, ვაშინგტონში არ აქვთ ილუზია, რომ კონფლიქტი სპარსეთის ყურეში მალე დასრულდება, ხოლო ენერგეტიკული კომპანიები უფრთხიან იმ უზარმაზარ რისკებს, რომლებიც ჰორმუზის სრუტეში გემების გატარებას ახლავს თან.
როგორც მანამდე აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურ სარდლობაში განაცხადეს, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მათ ჰორმუზის სრუტის გავლაში დახმარება 1,5 ათასს სავაჭრო ხომალდს გაუწიეს. ამ გემებს 750 მილიონი ბარელი ნავთობი გადაჰქონდათ. ამასთან, აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში ამტკიცებენ, რომ ივლისის დასაწყისიდან, მას შემდეგ რაც ირანის პორტების ბლოკადა განახლდა, თეირანს ირანის სანაპიროებიდან ნავთობის ექსპორტი არ განუხორციელებია.