„სიენენი“ – აშშ-ის არმიის გეგმები, შესაძლოა, ითვალისწინებდეს ირანის ენერგეტიკულ და ბირთვულ ობიექტებზე მძლავრი საავიაციო ბომბის გამოყენებას, რომელიც „ყველა ბომბის დედად“ არის ცნობილი

10:22, 15.10.2026

აშშ-ის არმიამ შეიმუშავა დარტყმების განხორციელების გეგმები, რომლებიც შესაძლოა, ითვალისწინებდეს ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და ბირთვულ ობიექტებზე GBU-43/B ტიპის ზემძლავრი საავიაციო ბომბის გამოყენებას. ეს ბომბი ცნობილია სახელწოდებით „ყველა ბომბის დედა“.

ამის შესახებ „სიენენი“ აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.

როგორც მედია იუწყება, აღნიშნული გეგმა იმ შემთხვევისთვის მომზადდა, თუ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საბრძოლო მოქმედებების განახლების ბრძანებას გასცემს. ამ დროისთვის არ გავრცელებულა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტრამპმა მისი გამოყენების საბოლოო ბრძანება გასცა.

„სიენენი“ წერს, რომ აშშ-ის არსენალში არსებული ყველაზე დიდი არაბირთვული ბომბის შესაძლო გამოყენება კონფლიქტის მნიშვნელოვან ესკალაციას გამოიწვევდა. თუმცა სამხედრო დაგეგმვის საკითხებში ინფორმირებულმა ოფიციალურმა პირებმა „სიენენს“ განუცხადეს, რომ კვლავ არსებობს კითხვები იმის შესახებ, რამდენად ეფექტიანი იქნება ამ ბომბის გამოყენება ვაშინგტონის სტრატეგიული მიზნების მისაღწევად.

„სიენენის“ წყაროების თანახმად, გეგმები, სავარაუდოდ, მოიცავს ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმებს, ასევე ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ სამიზნეებს, მათ შორის პიკაქსის მთის მიწისქვეშა ობიექტს. აშშ-სა და ისრაელს მიაჩნიათ, რომ ირანმა ამ ტერიტორიაზე თავისი ბირთვული პროგრამის კომპონენტები განათავსა.

ბომბი GPS-ით იმართება და დიდი ფართობის განადგურება შეუძლია, თუმცა ის ღრმად მიწისქვეშა სამიზნეების გასანადგურებლად არ არის შექმნილი. „სიენენის“ წყაროების თანახმად, პიკაქსის მთის სავარაუდო ბირთვული ობიექტი გრანიტის რამდენიმე ფენით არის დაცული, რაც ბომბის ეფექტიანობას ეჭვქვეშ აყენებს.

მსგავსი