„სიენენი“ - აშშ და მისი მოკავშირეები უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს განიხილავენ, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ კიევს მისცენ ის, რაც მას სურს
„სიენენი“ - აშშ და მისი მოკავშირეები უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს განიხილავენ, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ კიევს მისცენ ის, რაც მას სურს

აშშ და მისი მოკავშირეები უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს განიხილავენ, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ კიევს მისცენ ის, რაც მას სურს, – ამის შესახებ „სიენენს“ საკითხის მცოდნე რამდენიმე წყარომ განუცხადა.

როგორ მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს სჯერათ, რომ დასავლეთს შეუძლია, უზრუნველყოს უკრაინა ალტერნატიული უსაფრთხოების გარანტიებით, თუ ის ომის დასრულების მიზნით, ნატო-ში გაწევრიანებაზე უარს იტყვის.

მედია იუწყება, რომ დისკუსიები, რომელშიც ასევე მონაწილეობენ უკრაინელები, ძალიან ადრეულ ეტაპზეა, რადგან ამერიკელი, დასავლელი და უკრაინელი ოფიციალური პირებისთვის ჯერჯერობით გაუგებარია რუსეთის რეალური ზრახვები. ამერიკული მედიის წყაროების ინფორმაციით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ აშშ და მისი მოკავშირეები საბოლოოდ შესთავაზებენ უკრაინას იმ ტიპის იურიდიული ვალდებულების მქონე დაცვას, რომელსაც ის ითხოვს.

მედიის ცნობით, სტამბოლში რუსეთთან გამართულ მოლაპარაკებებზე უკრაინულმა მხარემ განაცხადა, რომ შესაძლოა, დათანხმდეს ნეიტრალიტეტს ნატო-ში გაწევრიანებასთან მიმართებით, თუმცა სურს, რომ დასავლეთის ქვეყნებმა, მათ შორის აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა უკრაინის უსაფრთხოება რატიფიცირებული ხელშეკრულებებით უზრუნველყონ.

ოფიციალური პირების ცნობით, უკრაინისთვის მისაღები იქნება მხოლოდ ისეთი გარანტიები, სადაც უკრაინის დაცვის რეალური გარანტიები იქნება წარმოდგენილი და არა ბუდაპეშტის მემორანდუმის მსგავსი ხელშეკრულება.

„სიენენის“ ინფორმაციით, ამასვე ამტკიცებს უკრაინის რადას დეპუტატი ანასტასია რადინა.

„უკრაინას სჭირდება ქმედითი უსაფრთხოების გარანტიები და არა კიდევ ერთი ბუდაპეშტის მემორანდუმი. ბუდაპეშტის მემორანდუმის მიხედვით, უკრაინამ გაანადგურა საკუთარი ბირთვული არსენალის ნაწილი, მცირედი კი რუსეთს გადასცა. სადამდე მიგვიყვანა ამან? მსოფლიოს არაფერი შეუძლია, დაუპირისპიროს რუსეთს, რადგან მას მსოფლიოში ყველაზე დიდი ბირთვული არსენალი აქვს. ჩვენ კი გვიბიძგეს, რომ ეს არსენალი შეგვევსო“, – განაცხადა რადინამ.

როგორც მედია წერს, შეერთებული შტატებისა და ევროპის რამდენიმე ოფიციალური პირი სკეპტიკურად უყურებს უსაფრთხოების პოტენციურ გარანტიებს. „სიენენის“ ცნობით, ბევრი ამტკიცებს, რომ ნაადრევია, რაიმე გაუთვალისწინებელი სიტუაციის განხილვა, ვიდრე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„სიენენი“ ასევე იუწყება, რომ ზოგიერთი ამერიკელი ოფიციალური პირი გაკვირვებული იყო უკრაინის მტკიცებით სტამბოლის მოლაპარაკებების შემდეგ, რომ დასავლეთის უსაფრთხოების გარანტიები შეიძლება, მოლაპარაკებების ნაწილი იყოს.

„ჩვენ მუდმივად განვიხილავთ უკრაინელებთან გზებს, რომლითაც შეგვიძლია, დავეხმაროთ მათი სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას. მაგრამ უსაფრთხოების გარანტიებზე, რაზეც ახლა შემიძლია, ვისაუბრო, კონკრეტული არაფერია“, – განაცხადა თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორმა ქეით ბაიდინგფილდმა.

„სიენენთან“ საუბრისას სხვა ევროპელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ისინი ასევე ელოდებიან დეტალებს უკრაინელებისგან, ვიდრე რაიმეს მოიმოქმედებენ საჯაროდ. მედია წერს, რომ ისეთი ვალდებულებები, როგორიც არის ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები, ნაკლებად სავარაუდოა, იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ს და მის მოკავშირეებს, მათ შორის ბრიტანეთს, არ სურთ პირდაპირ დაპირისპირება რუსეთის ძალებთან.

„ევროკავშირის ზოგიერთი წევრი, მათ შორის პოლონეთი, ლატვია, ბულგარეთი და ჩეხეთი უკრაინის უსაფრთხოებისთვის გამოსავლად მის ეკონომიკურ ბლოკში გაერთიანებას მიიჩნევს, თუმცა უკრაინის პარლამენტის ევროკავშირში ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ივანა კლიმპუშ-ცინცაძის თქმით, ევროკავშირი არ არის ისეთი დაცვითი ფარი უკრაინისთვის, როგორიც ნატო. ნატო-ს წევრ ქვეყნებს კი უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ აქვთ რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილებები მიღებული, რადგან არ არიან დარწმუნებული რუსეთის კეთილსინდისიერებაში და მოლაპარაკებების მიმართ სერიოზულ დამოკიდებულებაში“, – წერს მედია.