ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში ლოკდაუნი ოთხი კვირით გაახანგრძლივეს. ამასთან, მედიის ცნობით, ხელისუფლებამ რეგულაციების დაცვის მონიტორინგის გამკაცრების შესახებ განაცხადა.
კერძოდ, ლოკდაუნი, რა დროსაც ხუთმილიონიან ქალაქსა და მის მიმდებარედ მცხოვრებლები სახლებში უნდა დარჩნენ, 28 აგვისტომდე გახანგრძლივდა.
ახალი სამხრეთ უელსის შტატში, რომლის ცენტრის სიდნეია, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 177 შემთხვევა გამოვლინდა.
შტატის პრემიერ-მინისტრმა, გლედის ბერეჯიკლიანმა მოქალაქეებს მოუწოდა, რეგულაციების დარღვევის შესახებ პოლიციას აცნობონ. როგორც პრემიერმა სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა, ერთ-ერთ დაკრძალვის ცერემონიის შედეგად, რომელსაც კოვიდრეგულაციების დარღვევით 50 ადამიანი ესწრებოდა, ინფიცირების 45 შემთხვევა გამოვლინდა.
ავსტრალიაში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი პანდემიის განმავლობაში შედარებით დაბალი იყო. სულ ქვეყანაში რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 33 200-ზე მეტი შემთხვევა, გარდაიცვალა 921 ადამიანი. ავსტრალიის მოსახლეობა დაახლოებით 25 მილიონს შეადგენს.