სიცოცხლეშივე ტრიბუნას მისი სახელი ეწოდა - დღეს ლეგენდარული ალექსანდრე ჩივაძის დაბადების დღეა #1TVSPORT
დღეს თბილისის „დინამოს“ ლეგენდარული კაპიტანი იუბილარია – ალექსანდრე ჩივაძე 68 წლის გახდა.
თბილისურ გუნდში 1974 წელს ჩაირიცხა. პირველად იმავე წლის 17 ივლისს ითამაშა და ასე დაიწყო ლეგენდარული კაპიტნის კარიერა. ალექსანდრე ჩივაძემ თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში უმაღლესი ლიგის საკავშირო ჩემპიონატების 324 მატჩი ჩაატარა და 44 გოლი გაიტანა. ამას გარდა, საბჭოთა თასის გათამაშებაში 36 მატჩში ხუთჯერ აიღო მეტოქეთა კარი. ევროთასებზე „დინამოს“ მაისური 40 შეხვედრაში მოირგო, საიდანაც 19 მატჩი თასების მფლობელთა თასზე ჩაატარა, 17 – უეფას თასის, ხოლო 4 – ჩემპიონთა თასის გათამაშებაზე.
1980–1987 წლებში საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავდა, რომლის შემადგენლობაში 46 შეხვედრას ჩაატარა და 3 ბურთი გაიტანა. ერთი გოლი 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე შოტლანდიას გაუტანა.
ნაკრებში ჩატარებული 46 შეხვედრიდან 26-ში გუნდის კაპიტანი იყო და მურთაზ ხურცილავას შემდეგ ერთადერთი ქართველი გახდა, რომელსაც საბჭოთა კავშირის ნაკრები მოედანზე კაპიტნის სამკლაურით გაჰყავდა.
ალექსანდრე ჩივაძე არის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978), ვიცე-ჩემპიონი (1977) და სამგზის ბრინჯაოს პრიზიორი, თასის ორგზის (1976, 1979) და თასების მფლობელთა თასის (1981) მფლობელი თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. 1982 წლის ესპანეთისა და 1986 წლის მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილე. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1981), ღირსების ორდენის კავალერი. საყოველთაოდ აღიარებულია ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ქართველ და საბჭოთა ფეხბურთელად.
1980 წელს დაასახელეს საბჭოთა კავშირის წლის საუკეთესო ფეხბურთელად. რვაჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში. აქედან შვიდჯერ პირველ ნომრად.
მაგრამ ყველაზე დიდი აღიარება მაინც ისაა, რომ ქართველმა გულშემატკივარმა შეიყვარა, ერთი წლის წინ კი „დინამო არენას“ სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს მისი სახელი ეწოდა.
ალექსანდრე ჩივაძე
1974–1987 დინამო თბილისი 324 (44)
საერთაშორისო კარიერა
1980–1987 საბჭოთა კავშირი 46 (3)
სამწვრთნელო კარიერა
1993–1997 საქართველო
2001–2003 საქართველო
2012–2016 საქართველო U-21