„სიჩუმის რეზოლუცია“ - ოკუპირებული აფხაზეთი ფრანგი ფოტოხელოვანის ობიექტივში [ფოტო]
„სიჩუმის რეზოლუცია“ - ოკუპირებული აფხაზეთი ფრანგი ფოტოხელოვანის ობიექტივში [ფოტო]

ფოტოებში ვერ ნახავთ ადამიანებს, თუმცა ის რაც, ფრანგი ფოტოხელოვანის ორელიენ ვილეტის ობიექტივმა დააფიქსირა, აფხაზეთზე უფრო მეტს ყვება. გაყინული კადრებიც სიჩუმის რეზოლუციით, ემოციურად გადმოსცემს თითქოს გაჩერებული დროისა და მარტოობის ამბავს – მე-20 საუკუნის რამდენიმე შეჩერებულ ათწლეულს.

როდესაც ვილეტი აფხაზეთში, ენგურის გავლით მოგზაურობდა, ალბათ, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მისი ობიექტივით აღბეჭდილი შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს ზოლი, მიტოვებული და დანგრეული სახლები, სანატორიუმები, სასტუმროები და კულტურული ძეგლები ერთგვარი შუამავალი გახდებოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონსა და ქვეყნის დანარჩენ ნაწილს შორის. ის 12 ფოტო, რომელსაც დამთვალიერებელი ხვალ პირველად ნახავს თბილისში ამ ქვეყნის 25-წლიანი ტკივილია. თუმცა, ალბათ, იცოდა, რომ ოდესღაც ეს ულამაზესი და სიცოცხლით სავსე ადგილი ახლა თითქოსდა აჩრდილების თავშესაფრად, 90-იან წლებში წარმოქმნილმა შეიარაღებულმა კონფლიქტმა აქცია.

გამოფენა ოფიციალურად სწორედ იმ დღეს გაიხსნება, როცა 25 წლის წინ სოხუმი დაეცა და დაახლოებით 300 ათასმა ადამიანმა აფხაზეთი იძულებით დატოვა.

„სიჩუმის რეზოლუცია – აფხაზეთი“ – ხვალიდან  7 ოქტომბრის ჩათვლით ფოტოგამოფენა გაიმართება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი 12 ფოტოს ავტორი ფრანგი ფოტოხელოვანი ორელიენ ვილეტია, რომელმაც აფხაზეთში, 2016 წელს იმოგზაურა.

პროექტი ჰოლანდიაში მოღვაწე ქართველი არტპროდიუსერის, დალი უბილავა დე გრააფის ძალისხმევით განხორციელდა.