„სიბიეს ნიუსი“ - ირანის წინააღმდეგ ოპერაციებში ჩართული ამერიკული ავიამზიდი „ჯერალდ რ. ფორდი“ ხანძრის შემდეგ სარემონტოდ საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ბაზისკენ მიემართება
ირანის წინააღმდეგ ოპერაციებში ჩართული ამერიკული ავიამზიდი „ჯერალდ რ. ფორდი“ ხანძრის შემდეგ სარემონტოდ საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე მდებარე აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ბაზისკენ მიემართება.
ამის შესახებ „სიბიეს ნიუსს“ აშშ-ის ოფიციალურმა პირმა განუცხადა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გემის მთავარ სამრეცხაო ზონაში ხანძრის შედეგად გამოწვეული დაკვამლიანების გამო 200-მდე მეზღვაურს დასჭირდა სამედიცინო დახმარება.
„ჯერალდ რ. ფორდი“ ამჟამად ირანის წინააღმდეგ ოპერაციებშია ჩართული და წითელ ზღვაში იმყოფება. ეს არის ამერიკის უახლესი და მსოფლიოში უდიდესი ავიამზიდი, მასზე 5 000-ზე მეტი მეზღვაური და 75-ზე მეტი სამხედრო თვითმფრინავია განლაგებული.