შვიდგზის ზეთისცხება სამების საკათედრო ტაძარში 3 აპრილს 18:00 საათზე შესრულდება 
შვიდგზის ზეთისცხება სამების საკათედრო ტაძარში 3 აპრილს 18:00 საათზე შესრულდება 

სამების საკათედრო ტაძარში ვნების კვირის მსახურების განრიგი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის კურთხევით მრევლს არქიდიაკონმა დემეტრემ გააცნო.

მთელი კვირის განმავლობაში სამების ტაძარში სხვადასხვა ღვთისმსახურება შესრულდება. დიდ ხუთშაბათს წირვას და ფეხბანვის რიტუალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე შეასრულებს. წითელ პარასკევს კი ტრადიციულად გარდამოხსნის რიტუალი შესრულდება.

სააღდგომო ლიტურგია შაბათს 23:00 საათზე დაიწყება და ილია მეორე აღავლენს. სამების ტაძარში იერუსალიმიდან მაცხოვრის საფლავზე გადმოსულ ცეცხლსაც ჩამოაბრძანებენ.

როგორც მამა დემეტრემ აღნიშნა, ორშაბათს, 09:00 საათზე შესრულდება პირველშეწირული ლიტურგია. 17:00 საათზე სერობისა და ცისკრის ჟამნი.

„სამშაბათს 09:00 საათზე ასევე იქნება პირველშეწირული ლიტურგია, ხოლო საღამოს 18:00 საათზე შესრულდება ზეთის კურთხევის საიდუმლო, შვიდგზის ზეთისცხება. ოთხშაბათს 09:00 საათზე პირველშეწირული ლიტურგია, ხოლო 17:00 საათზე სერობისა და ცისკრის ჟამი. ხუთშაბათს დილის 9:00 საათზე შესრულდება წმინდა მღვდელმთავრის ბასილი დიდის საღმრთო ლიტურგია, ასევე საიდუმლო სერობის გახსენება და ფეხთბანვა, ხოლო საღამოს 19:00 საათზე წავიკითხავთ 12 ვნების სახარება. პარასკევს 09:00 საათზე წაკითხული იქნება დიდი ჟამნობა, ხოლო 14:00 საათზე მწუხრის ჟამი, გარდამოხსნის გამოსვენება და დატირება. შაბათს არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაული. ცისკარი შესრულდება 06:00 საათზე, როგორც ეგების დიდი შაბათის მსახურებას, გარდამოხსნის გარშემოტარებით ტაძარზე და წესის აგება, ხოლო 10:00 საათზე აქ, სამების საკათედრო ტაძარში შესრულდება წმინდა ბასილი დიდის ლიტურგია ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით. ხოლო შაბათს 20:00 საათზე შესრულდება შუაღამიანის მსახურება და გარდამოხსნის შესვენება შუა ტაძრიდან საკურთხეველში. შაბათ 23:00 საათზე იქნება შეხვედრა მის უწმინდესობასთან და წაიკითხება სააღდგომო ეპისტოლე. ხოლო 00:00 საათზე შესრულდება ლიტანიობა და ბრწყინვალე აღდგომის საზეიმო მსახურება”, – აღნიშნა მამა დემეტრემ.

8 აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.