შვიდ თვეში ექსპორტი 28 პროცენტამდე გაიზარდა
შვიდ თვეში ექსპორტი 28 პროცენტამდე გაიზარდა

შვიდ თვეში ექსპორტი 28 პროცენტამდე გაიზარდა. მთავარი საექსპორტო ქვეყნებია ჩინეთი, რუსეთი და თურქეთი. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

2021 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ 2.27 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 27.8 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

ექსპორტი რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი), მთლიანი ექსპორტის 73.1 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 30.7 პროცენტით გაიზარდა და 1. 66 მილიარდ დოლარს გაუტოლდა.

2021 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 79.8 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (352.2 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (293.9 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (180.1 მლნ. აშშ დოლარი)

2021 წლის იანვარ-ივლისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 465.9 მილიონი დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 28.0 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 228.5 მილიონი დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 13.7 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 123.9 მილიონი დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.4 პროცენტი).