შვეიცარულ-ქართულმა ასოციაცია „ვივაჩემ“ ციურიხში, ახალგაზრდა ქართველი მევიოლინეს დასახმარებლად კონცერტი ჩაატარა
შვეიცარულ-ქართულმა ასოციაცია „ვივაჩემ“ ციურიხში, ახალგაზრდა ქართველი მევიოლინეს დასახმარებლად კონცერტი ჩაატარა

შვეიცარულმა საქველმოქმედო ასოციაცია „ვივაჩემ“ ციურიხში, ახალგაზრდა მევიოლინე ვატო მაღრაძის დასახმარებლად, რომელიც მძიმე სენითაა დაავადებული, კონცერტი ჩაატარა.

კონცერტში შვეიცარიაში მცხოვრები ქართველი მუსიკოსები და სტუდენტები: თამარ კორძაძე, მამუკა ტეპნაძე, სოფია გოშაძე, ეკა ბოკუჩავა, თედო დიაკონიძე, მირიან კვალიაშვილი, მარიამ ჩაკვეტაძე, დალი ზაკალიშვილი, დავით ქეცბაია, თეონა კაზიშვილი, თამარ მიდელაშვილი, სერგეი მარკოსიანი, ლარისა ბაგდასარიანი და კორბინ ბეისნერი მონაწილეობდნენ. კონცერტმა ციურიხის ხელოვნების უნივერსიტეტში ანშლაგით ჩაიარა.

ფონდმა „ვივაჩე“ საქველმოქმედო კონცერტზე ქართველი ემიგრანტების და შვეიცარელი მოქალაქეების დახმარებით, ვატო მაღრაძის დასახმარებლად თანხა შეაგროვა, რომელიც სპეციალურად შექმნილ ანგარიშზე – „Help Vato” ჩაირიცხა. ეს თანხა ოლდენბურგის კლინიკაში გადაირიცხება, სადაც ვატო გადის მკურნალობას.

შვეიცარულ-ქართული ასოციაცია „ვივაჩე“ 2009 წელს შვიცარიაში მოღვაწე ცნობილმა ქართველმა პიანისტმა, თამარ კორძაძემ დააფუძნა. ასოციაციის მიზანია ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერა და საქართველო-შვეიცარიის კულტურული კავშირების გაღრმავება. ამ ხნის განმავლობაში პარტნიორი ფონდების და ორგანიზაციების დახმარებით, „ვივაჩემ“ განახორციელა 20-მდე მნიშვნელოვანი პროექტი და დაეხმარა კლასიკური მუსიკის სფეროში მოღვაწე 100-მდე ახალგაზრდა ქართველ შემსრულებელს.

ასოციაციამ აგრეთვე შეიძინა სიმებიანი და ჩასაბერი ინსტრუმენტები ზ. ფალიაშვილის სახელობის ნიჭიერთა ათწლედისათვის, 3 ფორტეპიანო მიქელაძის სახელობის მუსიკალური სკოლისთის, ვიოლინო თბილისის სახელწიფო კონსერვატორიისათვის, საფორტეპიანო სკამები საქართველოს სამუსიკო სასწავლებლების საკონცერტო დარბაზებისთვის. რვა ნიჭიერი ქართველი მუსიკოსი წაიყვანა ბერნსა და ციურიხში კონცერტებით, შვიდი ქართველი მოზარდი წაიყვანა იტალიის (მონტეპულჩანო) საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე და საშუალება მისცა, თავიანთი შესაძლებლობები ევროპელი მაყურებლის წინაშე წარმოეჩინათ. მსგავსი კონცერტებით „ვივაჩემ“ ცხრა ქართველი მუსიკოსი წაიყვანა ახალგაზრდა ხელოვანთა ფესტივალზე ბაიროითში (გერმანია) და ახალგაზრდა მუსიკოსთა ფესტივალზე Youth Classics (გერმანია, შვეიცარია).