შვეიცარიული კომპანია „აიქიუეარის“ ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ჰაერის დაბინძურების საშუალო მაჩვენებელი აქვს
საქართველოს ჰაერის დაბინძურების საშუალო მაჩვენებელი აქვს, – ამის შესახებ აღნიშნულია შვეიცარიული კომპანია „აიქიუეარის“ ანგარიშში, რომელიც 2023 წელს ჩატარებულ კვლევას ეფუძნება.
მოხსენების თანახმად, მსოფლიოს 134 ქვეყანას შორის საქართველო 62-ე ადგილზეა.
ჰაერის ხარისხის კვლევის ორგანიზაციის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში ჰაერის ხარისხი 3.3-ჯერ აღემატება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულ ჰაერის წლიური ხარისხის ნიშნულს.
აღსანიშნავია, რომ 2019 წლის შემდეგ საქართველოში ჰაერის ხარისხი გაუმჯობესებულია და თუ 2019 წელს 20.1 ქულა ჰქონდა მინიჭებული, 2023 წელს 16.4 ქულით შეფასდა. კვლევის თანახმად, საქართველოში ჰაერის ხარისხის მხრივ ყველაზე ცუდი მაჩვენებელი ქალაქ რუსთავშია.
რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, სომხეთი 31-ე ადგილზეა – 26.4 ქულით, აზერბაიჯანი კი 52-ე ადგილზე – 18.8 ქულით. კვლევის თანახმად, თურქეთი 44-ე ადგილზეა (20.3), რუსეთი 94-ე ადგილზე (10.0). მსოფლიოს მასშტაბით, ყველაზე დაბინძურებული ჰაერი ბანგლადეშშია (79.9), მეორე ადგილზეა პაკისტანი (73.7), მესამეზე კი – ინდოეთი (54.4). სუფთა ჰაერის მხრივ საუკეთესო მაჩვენებლები აქვთ: ისლანდიას (4.0), მავრიკის (3.5) და ფრანგულ პოლინეზიას (3.2).