„24 წლის ვალერიან გვილიას „ლუცერნში“ პრობლემები შეექმნა და შესაძლოა,.მალე გუნდი დატოვოს,“ – აღნიშნულ ინფორმაციას გამომცემლობა „ბლიკი“ ავრცელებს.
შვეიცარიული გამოცემის ცნობით, „ლუცერნის“ მთავარ მწვრთნელს, რენე ვეილერს მისი გაშვება სურს, რადგან საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის სათამაშო სტილი არ მოსწონს – „პასების მეფეს, გვილიას მძიმე პერიოდი დაუდგა. მიზეზი გუნდის ახალი მწვრთნელი რენე ვეილერია. შემტევმა ნახევარმცველმა ოქტომბრის დასაწყისიდან შესაძლო 720 წუთიდან მხოლოდ 80 ითამაშა და დუბლშემადგენლობაშიც გამოსვლაც კი მოუხდა. გვილია ადრე სულ ხუმრობის ხასიათზე იყო. მაგრამ ჯერ მას სახუმაროდ საქმე არ აქვს და ახლა მედიასთან ლაპარაკს ერიდება. ის გუნდში 2018 წლის იანვარში სპორტულმა დირექტორმა რემო მეიერმა მიიყვანა და თავიდან პასების მეფედ მონათლეს. ქართველმა ფეხბურთელმა გასული სეზონის მეორე ნახევარში ჯერი სოიანოს მწვრთნელობის პერიოდში ითამაშა, რის შედეგადაც „ლუცერნმა“ მესამე ადგილი დაიკავა“.
ზაფხულში გულიამ თქვა, რომ შვეიცარია მსოფლიოში საუკეთესო ქვეყანაა. ახლა რეალობა განსხვავებულია. სოიანოს შემდეგ მოსულმა რენე ვეილერმა ამ სეზონში გვილიას ხაზი გადაუსვა – „ის გუნდში მხოლოდ რეზერვისტის როლს თამაშობს. არის ნიშნები, რომ გვილიამ ზამთრის სატრანსფერო „ფანჯრის“ გახსნის დროს გუნდი დატოვოს“.
გამოცემა იმასაც აკონკრეტებს, რა პრობლემა შეექმნა ქართველს და მწვრთნელის სიტყვები მოჰყავს – „მე მინდა დინამიური ფეხბურთი, გვილიას კი უფრო სხვა სტილი მოსწონს. ის ამჯობინებს ბურთის გორებას და თანაგუნდელებზე გადაცემებს „ფეხში“. მე კი ისეთები მომწონს, რომლებიც სულ მოძრაობენ – ბურთით თუ უბურთოდ,“ – განმარტავს „ლუცერნის“ მწვრთნელი.
არა ისე დამაიმედებელი სიტყვებია ქართველისთვის. ვეილერი თემას განაგრძობს – „მე მინდა, რომ გუნდმა ის ფეხბურთი აჩვენოს, რომელის ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს სიამოვნებას ანიჭებს. გვილიას აქვს თავისი ძლიერი მხარე. მაგრამ მხოლოდ იმ დროს, როდესაც ბურთს ფლობს“.
მწვრთნელი განმარტავს, რომ მას სურს იმუშაოს მხოლოდ იმ მოთამაშეებთან, რომლებიც შეტევაშიც მუშაობენ და – დაცვაშიც – „დანარჩენები ჩემთან ვერ იქნებიან. თუ პროფესიონალი ვერ გააკეთებს ამას, ძნელია მასთან შეგუება. ჩემი აზრით, ასეთი ფეხბურთელები მალე აღარ იქნებიან“.
„ბლიკი“ ასკვნის, რომ ქართველსი წასვლა დროის ამბავია – „ცხადია, რომ გუნდში საკუთარი მდგომარეობით კმაყოფილი გვილიაც არაა. ქართველი, რომელმაც გასულ სეზონში მაყურებელთა აღტაცება დაიმსახურა, ზამთარში აუცილებლად წასვლაზე დაფიქრდება“.