შვეიცარიის საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა „მწვანეების“ რეკორდული გაძლიერება აჩვენა
შვეიცარიის საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა „მწვანეების“ რეკორდული გაძლიერება აჩვენა

შვეიცარიაში გამართული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, ანტიიმიგრაციული პარტია „შვეიცარიის სახალხო პარტია“ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში უმსხვილეს ძალად რჩება, თუმცა მხარდამჭერთა სამი პროცენტი დაკარგა.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, „შვეიცარიის სახალხო პარტიას“ შვეიცარიის პარლამენტის ქვედა პალატაში, 200-ადგილიან ეროვნულ საბჭოში 54 დეპუტატი ეყოლება, რაც 11-ით ნაკლებია.

მეორე ადგილზე სოციალ-დემოკრატები გავიდნენ, რომლებმაც ხუთი ადგილი დაკარგეს, მათ საკანონმდებლო ორგანოში 38 დეპუტატი ეყოლებათ. მანდატები დაკარგა ლიბერალურმა პარტიამაც, რომელმაც საპარლამენტო არჩევნების შედეგად ოთხით ნაკლები – 29 ადგილი მოიპოვა.

შვეიცარიაში გამართულმა საპარლამენტო არჩევნებმა „მწვანეთა“ პოზიციების მკვეთრი გაძლიერება აჩვენა. მწვანეთა ორმა პარტიამ ხმების თითქმის 20 პროცენტი მიიღო. ეს შვეიცარიაში მწვანეების საუკეთესო შედეგია. კერძოდ, წინასწარი შედეგებით, მემარჯვენე პარტიამ „მწვანეებმა“ ხმების 13 პროცენტი მოიპოვა, ხოლო ცენტრისტულმა პარტიამ „ლიბერალურმა მწვანეებმა“ – 7,9 პროცენტი.

როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, თუ ორმა მწვანე პარტიამ პოლიტიკური განსხვავებულობების გადალახვა და გაერთიანება შეძლო, მათ პარლამენტის ქვედა პალატაში ჯამში 44 დეპუტატი ეყოლებათ. ამგვარად შესაძლოა, მწვანეები შვეიცარიის მმართველ კოალიციაში შევიდნენ.

სექტემბერში ბერნში კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო გამოსვლაში 100 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

შვეიცარიაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ეს შედეგები გამოირჩევა იმითაც, რომ ეროვნულ საბჭოში არჩეულ იქნა 84 ქალი, რითაც პარლამენტის ქვედა პალატაში ქალთა პროპორციულმა წარმომადგენლობამ რეკორდულ ნიშნულს – 42 პროცენტს მიაღწია.