შვეიცარიის საგარეო უწყება ქართულ-რუსულ-შვეიცარიული ერთობლივი კომისიის პირველ სხდომაზე პრესრელიზს ავრცელებს
შვეიცარიის საგარეო უწყება ქართულ-რუსულ-შვეიცარიული ერთობლივი კომისიის პირველ სხდომაზე პრესრელიზს ავრცელებს

რუსეთ-საქართველოს საბაჟო შეთანხმების განხორციელებისთვის ყველა პირობა შექმნილია, – ამის შესახებ ინფორმაციას შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„შვეიცარიის ეგიდით მოლაპარაკებები დასრულებულია. 2011 წელს საქართველო-რუსეთს შორის ხელმოწერილი საბაჟო შეთანხმების განხორციელებისთვის პირობები შექმნილია. შვეიცარია განაგრძობს აქტიური როლის შესრულებას ამ ახალ ფაზაში, ერთობლივი კომიტეტის თავმჯდომარეობით, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს შეთანხმების განხორციელებას” – აღნიშნულია შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში.

როგორც პრესრელიზში წერია, 2019 წლის 6 თებერვალს ჟენევაში ერთობლივი კომიტეტის პირველი შეხვედრა გაიმართება, სადაც საქართველოს, რუსეთისა და შვეიცარიის წარმომადგენლები შეიკრიბებიან.

„საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ“ საქართველო-რუსეთ შორის შეთანხმება 2011 წლის 9 ნოემბერს ჟენევაში გაფორმდა. შეთანხმება საბაჟო ტვირთზე, რომელიც წინასწარ შერჩეულ სამ დერეფანს გაივლის, ნეიტრალური, კერძო კომპანიის მიერ მონიტორინგის განხორციელებას ითვალისწინებს. აღნიშნული შეთანხება რუსეთსა და საქართველოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პაკეტის ნაწილია, რომელიც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას უძღოდა წინ.

საბაჟო შეთანხმების ხელმოწერიდან შვეიცარია შეთანხმების პირობების განხორციელებაში “ნეიტრალურ მესამე მხარეს” წარმოადგენს. შვეიცარიის ხელშეწყობით ორივე მხარისთვის მისაღები ნეიტრალური კერძო კომპანია, ჟენევაში დაფუძნებული SGS იქნა შერჩეული. შვეიცარიის ინიციატივით, შეიქმნა ფინანსური მექანიზმი საქართველოსა და რუსეთის მიერ თანხების გადარიცხვის გამარტივების მიზნით.
შვეიცარიამ თანხმობა განაცხადა, თავმჯდომარეობა გაუწიოს ერთობლივ კომიტეტს, რომლის დანიშნულებაც შეთანხმების განხორციელების ზედამხედველობა, ღია საკითხებისა და შესაძლო უთანხმოების მოგვარება, ასევე საჭიროების შემთხვევაში, სპეციალისტებით უზრუნველყოფაა.

2011 წლის ნოემბერში შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელშეწყობით, რუსეთს, საქართველოსა და SGS-ს შორის რამდენიმე შეხვედრა გაიმართა. ყველა შესაბამის დოკუმენტს 2018 წელს მოეწერა ხელი და ამით დასრულდა მოლაპარაკებების ფაზა“, – აღნიშნულია შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

წყარო: შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტრო