შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი - რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში არსებობს გაურკვევლობა, თუმცა შეინიშნება წინსვლა
შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი - რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში არსებობს გაურკვევლობა, თუმცა შეინიშნება წინსვლა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, შვეიცარიას საქართველოში რუსეთის ინტერესების წარმომადგენლობის ფუნქციის შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ სერგეი ლავროვმა შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, იგნაციო კასისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადეთ  შვეიცარიელ პარტნიორებს საქართველოში რუსეთის ინტერესების წარმომადგენლობის ფუნქციის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის, ასევე შვეიცარიული მხარის შუამავლობით 2011 წელს ხელმოწერილი საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის ძირითადი პრინციპის შესახებ შეთანხმების შესრულებაში მხარდაჭერისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე მადლობლები ვართ შვეიცარიელი კოლეგების სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობiსა და უსაფრთხოების შესახებ ჟენევის დისკუსიების ჩატარებაში წვლილისთვის“, – განაცხადა ლავროვმა.

თავის მხრივ, შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში არსებობს გაურკვევლობა, თუმცა შეინიშნება წინსვლა, რაც ორმხრივი სავაჭრო ბრუნვისა და ტურისტთა ნაკადის ზრდით გამოიხატება.

„შვეიცარია წარმოადგენს საქართველოს ინტერესებს რუსეთში და რუსეთის ინტერესებს საქართველოში. ჩვენ ამ საკითხზეც ვისაუბრეთ. თქვენ უკვე მოისმინეთ მინისტრ ლავროვისგან, რომ რუსული მხარე ამ მხრივ კმაყოფილია. არსებობს რაღაც მომენტები, რომელთა გარკვევა აუცილებელია, მე საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობებს ვგულისხმობ. თუმცა ამაზე მუშაობა მიმდინარეობს და არის წინსვლა, რადგან ამ ორ ქვეყანას შორის იზრდება სავაჭრო ბრუნვა და ტურისტთა ნაკადი. ჩვენ ამ მხრივაც ვმუშაობთ შუამავლად“, – აღნიშნა იგნაციო კასისმა.

რუსეთისა და შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკრაინის საკითხიc განიხილეს. კერძოდ, მათ მინსკის შეთანხმებების შესრულების აუცილებლობაზე იმსჯელეს.
ამასთან, კასისმა აღნიშნა, რომ ლავროვთან შეხვედრაზე შვეიცარიაში რუსული სპეცსამსახურების საქმიანობის საკითხი დააყენა. შვეიცარიის დიპლომატის თქმით, მხარეებმა ამ თემაზე არსებული დაძაბულობის განმუხტვა შეძლეს.

როგორც იგნაციო კასისმა აღნიშნა, გარკვეულ საკითხებზე რუსეთთან არსებული აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, შვეიცარიული მხარე აფასებს დიალოგის წარმართვის შესაძლებლობებს.