შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის სახელმწიფო მდივანი კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიმართულებით ქართული მხარის ნაბიჯებს დადებითად აფასებს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია 22 მარტს ბერნში ვიზიტით იმყოფებოდა, რომლის ფარგლებშიც შეხვედრები გამართა შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის სახელმწიფო მდივან ლივია ლოი აგოსტისთან, ევრაზიის დეპარტამენტის დირექტორ ანა იფკოვიც ჰორნერთან, ასევე, მშვიდობისა და ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის დირექტორ საიმონ გაისბიულერთან.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი განიხილეს.
„მიესალმნენ ორი ქვეყნის ურთიერთობებში გამოკვეთილ ბოლოდროინდელ დინამიკას და იმსჯელეს საქართველოსა და შვეიცარიას შორის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე, ორ ქვეყანაში „კოვიდ-19“ პანდემიასთან ბრძოლის შედეგებზე, რეგიონული და საერთაშორისო სტაბილურობის საკითხებზე, შვეიცარიის მიერ განხორციელებული სამშვიდობო პროგრამების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ მეტად გაღრმავების შესაძლებლობებზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების ამუშავების მნიშვნელობაზე და სხვა.
ლაშა დარსალიამ შვეიცარულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა შვეიცარიის, როგორც მედიატორის როლს, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობებში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
უწყების ცნობითვე, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული რთული მდგომარეობა.
„განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რუსეთის ბოლოდროინდელ პროვოკაციებსა და საქართველოს მოქალაქეების გატაცების ფაქტებზე. მინისტრის მოადგილემ შვეიცარიის მხარეს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ჟენევის მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე, საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკისა და შერიგების პროცესის შესახებ.
შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის სახელმწიფო მდივანმა ლივია ლოიმ პოზიტიურად შეაფასა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში არსებული დინამიკა. მან დაადასტურა შვეიცარიის კონფედერაციის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, დადებითად შეაფასა ქართული მხარის მიერ გადადგმული ნაბიჯები რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიმართულებით და იმედი გამოთქვა, რომ შვეიცარული მხარე პოზიტიურ წვლილს შეიტანს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების კუთხით“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.