შვეიცარიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ შესაძლოა, ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდეს და რუსული აქტივები დააყადაღოს
შვეიცარიის პრეზიდენტი იგნასიო კასისი აცხადებს, რომ შესაძლოა, ნეიტრალური ქვეყანა ორშაბათიდან რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდეს და რუსული აქტივები დააყადაღოს. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ კასისმა შვეიცარიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა.
შვეიცარიის პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის შვიდწევრიანი ფედერალური საბჭო ორშაბათს შეიკრიბება და ფინანსთა და ეკონომიკის დეპარტამენტების რეკომენდაციებს განიხილავს.
შეკითხვაზე, გაყინავს თუ არა შვეიცარია რუსულ ანგარიშებს ევროკავშირის მსგავსად, შვეიცარიის პრეზიდენტმა აღნიშნა: „დიდი ალბათობაა, რომ მთავრობა ამის გაკეთებას გადაწყვეტს ხვალ, თუმცა მე ვერ ვიწინასწარმეტყველებ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ჯერ არ მიღებულა“.
კასისის თქმით, უნდა იყოს შენარჩუნებული შვეიცარიის ნეიტრალიტეტი. მისი განმარტებით, შვეიცარია მზად არის, შესთავაზოს თავისი დიპლომატიური მომსახურება, თუ ბელარუსის საზღვარზე დაგეგმილი რუსულ-უკრაინული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდება.