შვეიცარიის პირველი დიპლომატი მოსკოვში ვიზიტისას საქართველოში რუსეთის ინტერესების სექციის საკითხს განიხილავს
შვეიცარიის პირველი დიპლომატი მოსკოვში ვიზიტისას საქართველოში რუსეთის ინტერესების სექციის საკითხს განიხილავს

შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი იგნაციო კასისი მოსკოვში ვიზიტისას შვეიცარიის მიერ საქართველოში რუსეთის ინტერესების წარმომადგენლობის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი იგნაციო კასისი მოსკოვს სამუშაო ვიზიტით 18-19 ივნისს ეწვევა.

„19 ივნისს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან დაგეგმილი მოლაპარაკებების დროს იგეგმება რუსულ-შვეიცარიული ურთიერთობების ფართო სპექტრის, საერთო ინტერესის მქონე ძირითადი საერთაშორისო პრობლემების განხილვა. ასევე, მხარეები შეეხებიან შვეიცარიის მიერ საქართველოში რუსეთის ინტერესების წარმომადგენლობის პრობლემატიკას“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვეტილია. საქართველოში რუსეთის ინტერესებს შვეიცარიის საელჩოსთან არსებული სპეციალური სექცია წარმოადგენს.

დატოვე კომენტარი