77 წლის ასაკში გარდაიცვალა შვეიცარიის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი კობი კუნი, – იტყობინება ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური.
მოთამაშის რანგში, კუნმა მთელი კარიერა „ციურიხში“ გაატარა, რის შემდეგაც, ამ გუნდის მწვრთნელი გახდა. შვეიცარიის ნაკრებს ის 2001-08 წლებში ავარჯიშებდა. მან ნაკრები სამ დიდ ტურნირზე გაიყვანა – 2004 და 2008 წლებში ევროპის ჩემპიონატზე და 2006 წელს – მსოფლიოს ჩემპიონატზე.
კობი კუნის ხელმძღვანელობით შვეიცარიის ნაკრები საქართველოს ორჯერ შეხვდა და ორივეჯერ – 2004 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ფარგლებში. თბილისში მატჩი 0-0 დასრულდა, შვეიცარიაში კი მასპინძლებმა 4-1 გაიმარჯვეს.