შვეიცარიის ნაკრების მწვრთნელი - საქართველოსთან რთული თამაში გვქონდა
შვეიცარიის ნაკრების მწვრთნელი - საქართველოსთან რთული თამაში გვქონდა
„საქართველომ ძალიან დიდი პრობლემები შეგვიქმნა“ – ეს სიტყვები ვლადიმირ პეტკოვიჩს ეკუთვნის, რომლის გაწვრთნილმა შვეიცარიის ნაკრებმა ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მერვე ტურში საქართველო მინიმალური ანგარიშით დაამარცხა – 1:0.
 
ამ მოგებით, შვეიცარიის ნაკრებმა, ფაქტობრივად, ევროპის ჩემპიონატის საგზური გაინაღდა, რადგან ბოლო ტურში აუტსაიდერ გიბრალტართან მოგება არ უნდა გაუჭირდეს.
„ჩვენი მიზანი იყო, პირველივე ტაიმში გაგვეტანა, მაგრამ ეს ვერ შევძელით. ბევრს ვუტევდით, მაგრამ ეს არ იყო ჩვენი საუკეთესო თამაში. საბოლოოდ, მოვიგეთ, თუმცა უკეთ თამაშიც შეიძლებოდა. ალბათ, ეს რამდენიმე მოთამაშის არყოფნის შედეგია. შედეგი გამარჯვების რწმენამ მოგვიტანა, მაგრამ ეს მძიმე შეხვედრა გამოდგა, სადაც გამარჯვება ბოლო წუთებზე მოვიპოვეთ. მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენი გუნდი მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდა“ – ამბობს ვლადიმირ პეტკოვიჩი.