შვეიცარიის მოქალაქეების 70%-მა რეფერენდუმზე მხარი არ დაუჭირა კონსტიტუციაში სუვერენიტეტის მკაცრი განსაზღვრების დაფიქსირებას, რომელიც ქვეყანას ნატო-სთან თანამშრომლობის შეზღუდვასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმებას დაავალდებულებდა

10:01, 28.09.2026

27 სექტემბერს გამართულ რეფერენდუმზე შვეიცარიის მოქალაქეების 70%-მა მხარი არ დაუჭირა კონსტიტუციაში სუვერენიტეტის მკაცრი განსაზღვრების დაფიქსირებას, რომელიც შვეიცარიას ნატო-სთან თანამშრომლობის შეზღუდვასა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმებას დაავალდებულებდა. ნეიტრალიტეტის წესების გამკაცრების წინააღმდეგ ხმა მისცა მოქალაქეების 70,15%-მა, ხოლო მის მხარდასაჭერად – 29,85%-მა.

ამომრჩევლებს უნდა გადაეწყვიტათ, კონსტიტუციაში დაფიქსირდებოდა თუ არა „მუდმივი და შეიარაღებული ნეიტრალიტეტის“ პრინციპი და აეკრძალებოდა თუ არა შვეიცარიას რომელიმე სამხედრო ალიანსში გაწევრიანება ან ომში ჩართულ სახელმწიფოებზე სანქციების დაწესება, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გაერო-ს მანდატით არის გათვალისწინებული.

შვეიცარიის ნეიტრალიტეტი საერთაშორისო დონეზე 1815 წლის ვენის კონგრესზე (ნაპოლეონის ომების დასრულების შემდეგ) იქნა აღიარებული, ხოლო 1848 წელს ეს მის ფედერალურ კონსტიტუციაშიც აისახა. თუმცა, როგორ უნდა განახორციელოს მთავრობამ ნეიტრალიტეტის პოლიტიკა, მკაფიოდ განსაზღვრული არ არის. რეფერენდუმის ინიციატივით ორგანიზაცია Pro Schweiz გამოვიდა, რომელიც მემარჯვენე „სახალხო პარტიასთან“ არის დაკავშირებული. ორგანიზაციის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო შვეიცარიის მიერ მოსკოვის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესებისა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან უფრო მჭიდრო კავშირების დამყარების შემდეგ ქვეყანა ნეიტრალიტეტის პრინციპს უფრო მეტად დაშორდა. ინიციატივა კონსტიტუციაში იმ ვალდებულების ასახვას ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც, შვეიცარია არცერთ სამხედრო ან თავდაცვით ალიანსს არ უნდა შეუერთდეს და საზღვარგარეთ მიმდინარე სამხედრო კონფლიქტებში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს.

გარდა ამისა, ინიციატივის თანახმად, შვეიცარიამ არ უნდა დააწესოს ეკონომიკური ან დიპლომატიური სანქციები კონფლიქტში მონაწილე სახელმწიფოების წინააღმდეგ, თუ ამის შესახებ გადაწყვეტილებას გაერთიანებული ერების ორგანიზაცია არ მიიღებს.

მანამდე, შვეიცარიის მთავრობამ ნეიტრალიტეტის გამკაცრების იდეა უარყო. ინიციატივის წინააღმდეგ პარლამენტის ორივე პალატამაც მისცა ხმა.

მსგავსი