შვეიცარიის ხელისუფლებამ რომან აბრამოვიჩს ბინადრობის უფლება არ მისცა
შვეიცარიის ხელისუფლებამ რომან აბრამოვიჩს ბინადრობის უფლება არ მისცა

შვეიცარიის ხელისუფლებამ რუს ბიზნესმენს, რომან აბრამოვიჩს ბინადრობის უფლება არ მისცა. შვეიცარიაში მიიჩნევენ, რომ აბრამოვიჩის ყოფნამ შესაძლოა, ქვეყანაში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის საშიშროება შექმნას და ქვეყნის რეპუტაცია დააზარალოს. ინფორმაციას ამის შესხებ BBC-ს რუსული სამსახური შვეიცარიულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გამოცემა Tages-Anzeiger-ი წერს, აბრამოვიჩის მიერ 2017 წლის ნოემბერში ბინადრობის მოთხოვნის შემდეგ, შვეიცარიის მიგრაციულმა სამსახურმა მიმართა ფედერალურ პოლიციას, რათა გაერკვია უწყების პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. მედიის ცნობით, პოლიციამ მიგრაციულ სამსახურს აცნობა, რომ ბიზნესმენის მიმართ არსებობს ეჭვი, რომ კონტაქტები აქვს კრიმინალურ სტრუქტურებთან და შესაძლოა, ფულის გათეთრებაში მონაწილეობდეს, ხოლო მისი შვეიცარიული აქტივების წარმომავლობა არალეგალური იყოს.

რომან აბრამოვიჩის ადვოკატები გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილს უწოდებენ და მისი გამავრცელებლის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებენ.

„ნებისმიერი ვარაუდი, რომ აბრამოვიჩი დაკავშირებულია ფულის გათეთრებასთან და ჰქონდა კონტაქტები დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან, აბსოლუტური სიცრუეა. მრავალი თხოვნის მიუხედავად, ფედერალურ პოლიციას არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება“, – აღნიშნა ბიზნესმენის ადვოკატმა.

Tages-Anzeiger-ში აბრამოვიჩის შესახებ სტატია მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც ბიზნესმენმა შვეიცარიულ მედიაჰოლდინგ Tamedia-თან სასამართლო დავა წააგო. აბრამოვიჩი სასამართლოს გზით ცდილობდა, პრესაში მის შესახებ ინფორმაციის გავრცელება არ დაეშვა.

აღსანიშნავია, რომ რუსი მილიარდერი შვეიცარიაში ან რომელიმე სხვა ქვეყანაში სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტი არასდროს ყოფილა. როგორც გამოცემა Tages-Anzeiger-ი წერს, პოლიცია არ აკონკრეტებს, რას ეყრდნობა აბრამოვიჩის შესახებ ინფორმაცია, რომელიც მან მიგრაციულ სამსახურს მიაწოდა.