იოჰან შნაიდერ-ამანი ვარაუდობს, რომ საქართველო-შვეიცარიას შორის თავისუფალი ვაჭრობის ამოქმედების შემდეგ, ინვესტიციები გაორმაგდება
იოჰან შნაიდერ-ამანი ვარაუდობს, რომ საქართველო-შვეიცარიას შორის თავისუფალი ვაჭრობის ამოქმედების შემდეგ, ინვესტიციები გაორმაგდება

შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალური პრეზიდენტი, ეკონომიკის, განათლებისა და კვლევების მინისტრი იოჰან შნაიდერ-ამანი საქართველო-შვეიცარიას შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, პირდაპირი ინვესტიციების გაორმაგებას ელოდება, – აღნიშნული განცხადება მან ქართველ კოლეგასთან, მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მისი განცხადებით, ინვესტიციების გაორმაგება თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ამოქმედებიდან პირველ ხუთ წელიწადშია შესაძლებელი.

„ამ დროისთვის, ჩვენ ძალიან კარგი ორმხრივი თანამშრომლობა გვაქვს, მრავალმხრივი და აქტიურად დატვირთული. 1-ლი მაისიდან ამოქმედდება ჩვენს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება. ჩვენი გამოცდილებითა და პროგნოზით, პირველ ხუთ წელიწადში, ზოგადი მოცულობა და პირდაპირი ინვესტიციები შესაძლოა, გაორმაგდეს. მაქვს ამბიცია, რომ ეკონომიკური ურთიერთობები მეტად განმტკიცდეს და გაღრმავდეს“, – განაცხადა იოჰან შნაიდერ-ამანმა.

მან საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეხვედრას შინაარსიანი უწოდა და აღნიშნა, რომ შვეიცარიული კომპანიები საქართველოში ბიზნესის წარმოებით არიან დაინტერესებული.

„ძალიან შინაარსიანი საუბარი მქონდა ჩემს ქართველ კოლეგასთან. შვეიცარიული კომპანიების მხრიდან საქართველოში ბიზნესის წარმოების მზარდი ინტერესია“, – განაცხადა იოჰან შნაიდერ-ამანმა.

საქართველოსა და შვეიცარიას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება მიმდინარე წლის 1-ლი მაისიდან ამოქმედდება.

შეხვედრა აშშ-ში შედგა, სადაც ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იმყოფება. მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის საგაზაფხულო შეხვედრაში მონაწილეობს. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და ინვესტორი კომპანიების ხელმძღვანელ პირებთან.