შვეიცარიის ალპებში ზვავის ჩამოწოლის შედეგად ორი ადამიანია დაშავებული
შვეიცარიის ალპებში ზვავის ჩამოწოლის შედეგად ორი ადამიანია დაშავებული

შვეიცარიის ალპებში ზვავის ჩამოწოლის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ვალაისის კანტონის პოლიციის წარმომადგენლის ცნობით, თავდაპირველი მონაცემები, თითქოს კიდევ რვა მოთხილამურე დაზარალდა, არ დადასტურდა და მათ მალევე უვნებლებს მიაგნეს.

დაშავებული წყვილი ადგილობრივ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების ცნობით, მათი დაზიანებები სერიოზული არ არის.

ზვავის საშიშროება ალპებში ამ დროისთვის ხუთბალიან შკალაზე სამით ფასდება.

სამაშველო სამსახურები მოთხილამურეებს აფრთხილებენ, რომ მხოლოდ მათ მიერ განსაზღვრულ ტერიტორიებზე ისრიალონ.

წელს დიდთოვლობამ ალპების არაერთ კურორტზე შექმნა სირთულეები.

იანვარში შვეიცარიის ალპებში, მათ შორის ვალაისის კანტონშიც ზვავსაშიშროება ხუთი ბალით იყო შეფასებული. მაშინ გზები გადაკეტეს და ტურისტების ნაწილის გამოყვანა ვერტმფრენების საშუალებით გახდა საჭირო.