შვეიცარიელი სამთო მოთხილამურე გიზინი, ტრასიდან ჰოსპიტალში გადაიყვანეს [ვიდეო]
კინაღამ ტრაგედიით დასრულდა იტალიის ვალ გარდენაში გამართული მამაკაცების სწრაფდაშვება. 30 წლის შვეიცარიელმა, მარკ გიზინმა ნახტომის შესრულების წინ, კონტროლი დაკარგა, ჰაერში აფრინდა და ფერდითა და ზურგით უხერხულად დაეცა. ინციდენტის ადგილიდან, გიზინი ვერტმფრენით ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ეტაპი გარკვეული დროით შეწყდა, მაგრამ შემდეგ განახლდა და ის ნორვეგიელმა ალექსანდრ კილემ მოიგო. მას 86 მეასედი წამით ჩამორჩა ავსტრიელი მაქს ფრანცი. მესამე იყო 91-მეასედიანი ჩამორჩენით შვეიცარიელი ბიტ ფოიცი.
ფრანცი აგრძელებს ლიდერობას 319 ქულით მსოფლიოს თასის საერთო ჩათვლაში. მეორე და მესამე ადგილებზე – ნორვეგიელი აქსელ ლუნდ სვინდალი და ავსტრიელი მარსელ ჰირშერი არიან.