შვედურ ელექტრომობილ Uniti One-ს საქართველოში ააწყობენ
შვედურ ელექტრომობილ Uniti One-ს საქართველოში ააწყობენ

გამოცემა Auto Times News-ის ცნობით, საქართველოში შვედურ ელექტრო ავტომობილ Uniti One-ს ააწყობენ. მედია წერს, რომ შესაბამისი მემორანდუმი Uniti Sweden AB-ს, საქართველოს საპარტნიორო ფონდსა და Silk Road Group-ს შორის გაფორმდა.

აღსანიშნავია, რომ WIRED-მა Uniti One-ი 2019 წლისთვის ერთ-ერთ ყველაზე დამაინტრიგებელ ელექტრომობილად დაასახელა.

საქართველოში ელექტრომობილების წარმოების დაწყებასთან დაკავშირებული მემორანდუმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს საპარტნიორო ფონდიც. ოფიციალურ დოკუმენტს ხელი მოაწერეს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, Uniti Sweden AB-ის დამფუძნებელმა ლიუის ჰორნმა და „სილქ როუდ ჯგუფის“ წარმომადგენელმა ვასილ კენკიშვილმა. ფონდში აცხადებენ, რომ მემორანდუმის მიზანია ელექტრომობილების წარმოების მიმართულებით ერთობლივი პროექტის განვითარების ძირითადი პრინციპების განსაზღვრა, აგრეთვე, კონკრეტული თანამშრომლობის სფეროებზე შეთანხმება.

„საქართველოსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ქვეყანაში განახლებადი ენერგიებისა და ეკომეგობრული პროექტების განვითარება. Uniti Sweden AB-ი ელექტრომობილების წარმოებაზე ინოვაციური, მაღალი ტექნოლოგიით მუშაობს და მსოფლიოში ამ მიმართულებით, ერთ-ერთი წამყვანი ინოვატორი კომპანიაა. საპარტნიორო ფონდისთვის საქართველოში ეკონოლოგიური გარემოს გაუმჯობესება, მაღალტექნოლოგიური წარმოების წახალისება, მსოფლიოს თანამედროვე ნოუ ჰაუს ათვისება, დანერგვა და ამ დარგში სამუშაო ადგილების შექმნა პრიორიტეტს წარმოადგენს“, – განაცხადა დავით საგანელიძემ.