შვედეთში ტყის ხანძრის ჩაქრობაში ადგილობრივ მეხანძრეებს ექვსი ქვეყნიდან ჩასული კოლეგები ეხმარებიან
შვედეთში ტყის ხანძრის ჩაქრობაში ადგილობრივ მეხანძრეებს ექვსი ქვეყნიდან ჩასული კოლეგები ეხმარებიან

შვედეთში უკვე რამდენიმე დღეა ტყის ხანძარს ებრძვიან. სტიქია ბალტიის ზღვიდან არქტიკულ წრემდე არსებულ ტერიტორიაზე მძვინვარებს. ხანძრის წინააღმდეგ საბრძოლველად ადგილობრივ მეხანძრეებს ექვსი ქვეყნიდან ჩასული კოლეგები ეხმარებიან. მათ შორის არის იტალია, რომელმაც შვედეთს მასშტაბური ცეცხლის ჩასაქრობად 13 პროფესიონალი და ორი ვერტმფრენი გამოუყო. თითოეულ მათგანს ექვსი ათასი ლიტრი წყლის გადატანა შეუძლია.

ევროპულ სახელმწიფოში ტყის მასივზე ცეცხლის ჩაქრობას მეხანძრეები უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურის გამო ვერ ახერხებენ. ანომალიური სიცხის შედეგად ხანძრის გაჩენის საშიშროება მთელი ქვეყნის მასშტაბით არის.

ტყის მასივზე მასშტაბური ხანძრის გამო, ხელისუფლებამ ასობით ადგილობრივის ევაკუაცია უკვე განახორციელა. კიდევ რამდენიმე ასეულ მოსახლეს კი ტერიტორიის დატოვების რეკომენდაციით მიმართა. საერთო ჯამში სტიქიამ სამი ათასი ჰექტარი გადაწვა. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში ხანძარი დამატებით 1 400 ჰექტარ მიწის ნაკვეთს მოედო.

ხელისუფლების ინფორმაციით, სტიქია ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური და ძლიერია.