შვედეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

11:18, 13.09.2026

შვედეთში საპარლამენტო არჩევნები ტარდება. ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები გაიხსნა. 10,6-მილიონიანი მოსახლეობის მქონე ქვეყანაში ხმის მიცემის უფლება რვა მილიონ ადამიანს აქვს. შვედეთში ამომრჩეველთა აქტივობა რეგულარულად აღემატება 80 პროცენტს. საარჩევნო უბნები საღამოს 20:00 საათზე დაიხურება. პირველ შედეგებს რამდენიმე საათის შემდეგ, კვირას, ღამით ელოდებიან. ხმების დაახლოებით ნახევარი უკვე წინასწარ არის მიცემული.

დასავლური მედიის შეფასებით, მოსალოდნელია, რომ დაძაბული არჩევნების შედეგად ან ულტრამემარჯვენე ძალები პირველად შევლენ მთავრობაში, ან ხელისუფლებას მემარცხენე ოპოზიცია დაიბრუნებს.

არჩევნების წინ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები მემარცხენე ალიანსს ადვილ გამარჯვებას უწინასწარმეტყველებდა მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ულფ კრისტერსონის ხელმძღვანელობით მოქმედ მემარჯვენე ჯგუფთან შედარებით. თუმცა, არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად სხვაობა შემცირდა. სოციალ-დემოკრატები შვედეთს გასული საუკუნის უდიდესი ნაწილის განმავლობაში მართავდნენ და კვლავ ქვეყნის უმსხვილეს პარტიად რჩებიან.

მემარცხენე ბლოკმა პირობა დადო, რომ გააძლიერებს სოციალური კეთილდღეობის სისტემას და ზომებს მიიღებს ხარჯების ზრდასთან გასამკლავებლად.

კრისტერსონის საარჩევნო კამპანია ფოკუსირებული იყო მისი მთავრობის მიღწევებზე ძალადობრივი და ორგანიზებული დანაშაულის შემცირებისა და იმიგრაციის მკაცრი შეზღუდვის კუთხით.

მსგავსი