შვედეთში 2030 წლიდან შიდა წვის ძრავზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვა აიკრძალება
შვედეთში 2030 წლიდან შიდა წვის ძრავზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვა აიკრძალება

შვედეთში 2030 წლიდან შიდა წვის ძრავზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვა აიკრძალება. გადაწყვეტილება ქვეყნის ახალმა მთავრობამ მიიღო, რომელმაც მთავარ პრიორიტეტად კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლა გამოაცხადა.

როგორც შვედეთის პრემიერად ხელახლა არჩეულმა სტეფან ლოვენმა განაცხადა, „შვედეთი უნდა გახდეს პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც წიაღისეული ენერგორესურსების გამოყენებაზე უარს იტყვის“.

შვედეთი უკვე მეათე ქვეყანაა, რომელმაც დიზელსა ან ბენზინზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვის შეწყვეტის კონკრეტული თარიღი დაასახელა.

შვედეთზე ხუთი წლით ადრე, 2025 წელს, შიდა წვის ძრავზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვა შეწყდება ნორვეგიაში. ამ ქვეყანაში 2018 წელს ყოველი მეორე ავტომობილი ელექტრონულია.

2030 წელს შვედეთთან ერთად, ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვაზე უარს იტყვის დანია, ისრაელი, ირლანდია, ისლანდია, ნიდერლანდები და ასევე საფრანგეთის დედაქალაქი. ამას გარდა, ელექტრონულ ძრავზე მომუშავე ავტომობილებზე გადასვლას ამავე პერიოდში აპირებს ჩინეთი და ინდოეთიც.