შვედეთმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების უდიდესი პაკეტი გამოაცხადა, რომლის საერთო ღირებულება 1.23 მილიარდი დოლარია
შვედეთის თავდაცვის მინისტრის, პოლ იონსონის თქმით, უკრაინის დახმარების პაკეტის საერთო ღირებულება 13.5 მილიარდი შვედური კრონა, ანუ 1.23 მილიარდი დოლარია. ამისშესახებ თავდაცვის მინისტრმა სოციალურ ქსელში დაწერა.
როგორც იონსონი წერს, ეს მე-18 ტრანშია, რომელიც სტოკჰოლმმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან გამოყო.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებაში ნათქვამია, რომ დაახლოებით 90 მილიონ დოლარს დააბანდებენ უკრაინაში შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებისა და დრონების წარმოების განვითარებაში.
დახმარების პაკეტის მეოთხედს შეადგენს შეიარაღება, რომელიც შვედეთის არმიის მარაგებიდან გაიცემა, მათ შორის 16 საბრძოლო კატარღა, 1500 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა და 200 AT4 ტიპის ყუმბარმტყორცნი.
ასევე, ანალოგიური ყუმბარმტყორცნები გადაეცემა მოლდოვას, თუმცა იონსონმა მათი რაოდენობა არ დააკონკრეტა.
მთლიანი პაკეტის 45%, ანუ 534 მილიონი დოლარი, მოხმარდება შვედეთსა და ევროპაში ახალი იარაღის წარმოებას უკრაინის საჭიროებებისთვის. შვედეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, მთავრობა ამჟამად მოლაპარაკებებს აწარმოებს მიმწოდებლებთან, პრიორიტეტი მიენიჭება არტილერიას, დრონებს და შორი მანძილზე მოქმედ იარაღს.