შვედეთის თავდაცვის მინისტრი - ვიმედოვნებთ, რომ ნატო-ს ვილნიუსის სამიტამდე შევუერთდებით
შვედეთის თავდაცვის მინისტრი - ვიმედოვნებთ, რომ ნატო-ს ვილნიუსის სამიტამდე შევუერთდებით

შვედეთის მთავრობა იმედოვნებს, რომ ისინი გადალახავენ დაბრკოლებებს და ქვეყანა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ვილნიუსის სამიტამდე გაწევრიანდება, რომელიც ივლისის შუა რიცხვებშია დაგეგმილი.

„როგორც იცით, ჩვენ ფინეთთან ერთად დავიწყეთ ეს პროცესი და გვინდოდა ნატო-სკენ ერთად სვლა. ის ფაქტი, რომ ფინეთი უკვე ნატო-შია, კარგია შვედეთის უსაფრთხოებისთვის, თუმცა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ალიანსს რაც შეიძლება მალე შევუერთდეთ. ჩვენ ამის გაკეთება ვილნიუსში ნატო-ს სამიტამდე გვინდა, რომელიც 11-12 ივლისს გაიმართება“, – განაცხადა შვედეთის თავდაცვის მინისტრმა, პოლ ჯონსონმა და დასძინა, რომ შვედეთი ნატო-ში ჯერ კიდევ ათწლეულების წინ უნდა გაწევრიანებულიყო.

მისივე თქმით, ქვეყანაში აცნობიერებენ, რომ თურქეთს უფრო მეტი უთანხმოება შვედეთთან ჰქონდა, ვიდრე ფინეთთან.

გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის ოპოზიცია 14 მაისს არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში პირობას დებს, რომ დააჩქარებს შვედეთის განაცხადის განხილვას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.