შვედეთის შს და იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციას ეჭვქვეშ არ აყენებს
შვედეთის შს და იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციას ეჭვქვეშ არ აყენებს

შვედეთის შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრი მორგან იოჰანსონი საქართველოს ვიზალიბერალიზაციას ეჭვქვეშ არ აყენებს – ამის შესახებ მან შვედეთში ვიზიტით მყოფ საქართველოს ვიცე-პრემიერთან, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან საუბრისას განაცხადა.

საქართველოს შს სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი გახარიასა და მაღალი რანგის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა შვედეთის სამეფოს იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრთან – მორგან იოჰანსონთან, შვედეთის პოლიციის ეროვნულ კომისართან – ანდერს თორნბერგთან და შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან – ბიორნ სოდერთან.

„შვედეთის სამეფოს იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას ხელი მოეწერა „საქართველოს მთავრობასა და შვედეთის სამეფოს მთავრობას შორის დანაშაულის და განსაკუთრებით საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების შემდგომი გაძლიერების შესახებ“ ერთობლივ განცხადებას. შეხვედრის დასრულების შემდეგ გაიმართა პრესკონფერენცია.

მხარეებმა აღნიშნეს შვედეთის სამეფოში საქართველოს პოლიციის ატაშეს ნაყოფიერი მუშაობა, ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შვედეთის სამეფოს სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული ეფექტიანი ოპერატიული თანამშრომლობა. აგრეთვე, აღინიშნა, შვედეთში საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილი დანაშაულის კლების ტენდენცია, თუმცა, მთავარ პრობლემად გამოიკვეთა საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობის ზრდა.

გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ, შვედეთის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ის საქართველოს ვიზალიბერალიზაციას ეჭვქვეშ არ აყენებს და ზოგადად, ამ საკითხის გადახედვა პოლიტიკურ დღის წესრიგში არ დგას. მორგან იოჰანსონმა მზადყოფნა გამოთქვა, საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების განხილვის ვადების შემცირებასთან დაკავშირებით“, – აცხადებენ შსს-ში.

მათივე ცნობით, გიორგი გახარიამ შვედ კოლეგას საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობის შემცირების მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, გვარის შეცვლასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივები გააცნო. ხაზი გაესვა სამომავლოდ პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.

„შეხვედრაზე, ასევე, აღინიშნა, რომ შვედეთში უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის მოთხოვნების თითქმის 100% სრულდება. სტუმრებმა შვედურ მხარეს ინფორმაცია მიაწოდეს მიმდინარე წლის 9 მარტს ევროპოლთან გაფორმებული მემორანდუმების შესახებ, რაც, ევროპოლში მეკავშირე ოფიცრის მივლინებასთან ერთად, ოპერატიული ინფორმაციის გაცვლის უსაფრთხო არხის ამოქმედებას გულისხმობს.

მხარეებმა შვედეთში მსჯავრდებული საქართველოს მოქალაქეების ჩვენი ქვეყნისთვის გადმოცემის შემდეგ, მათ მიერ სასჯელის საქართველოში მოხდის გაგრძელებასთან დაკავშირებული საკითხებიც განიხილეს.

აღინიშნა, რომ შვედეთი და საქართველო ამ საკითხზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ, განსაკუთრებით, ამ მიმართულებით ორმხრივი შეთანხმების გაფორმებაზე, რომლის თანახმად, შვედეთში გასამართლებული საქართველოს მოქალაქეები სასჯელს საქართველოში მოიხდიან“, – აცხადებენ შსს-ში.