შვედეთის სამხედრო დაზვერვა – რუსეთი მეზობლებს, სავარაუდოდ, ვლადიმერ პუტინის მმართველობის დასრულების შემდეგაც შეუქმნის საფრთხეს
შვედეთის სამხედრო დაზვერვა მიიჩნევს, რომ რუსეთი მეზობლებს, სავარაუდოდ, ვლადიმერ პუტინის მმართველობის დასრულების შემდეგაც შეუქმნის საფრთხეს. „ბლუმბერგის“ ცნობით, ამის შესახებ შვედეთის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა, თომას ნილსონმა განაცხადა.
„ჩვენ ამ კრიზისს დროებითად არ აღვიქვამთ. რუსეთმა თავისი გზა აირჩია და უკან დასახევი გზა აღარ არსებობს. ჩვენ ღრმა, სტრუქტურული და გრძელვადიანი სტრატეგიული დაპირისპირების მდგომარეობაში ვართ“, – აღნიშნა ნილსონმა.
მისივე თქმით, რუსეთში ეკონომიკური კუთხით სირთულეებს აწყდებიან, ხოლო მაღალჩინოსნები სტატისტიკას აყალბებენ.
„პოლიტიკური ოპოზიცია ფაქტობრივად ლიკვიდირებულია – გადასახლების, დაპატიმრების ან, ყველაზე ცუდ შემთხვევაში, მკვლელობის გზით. არავინ არსებობს, ვინც საზოგადოებრივ უკმაყოფილებას პოლიტიკურ ალტერნატივად მიმართავდა“, – განაცხადა შვედეთის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა.