შვედეთის საჯარო სექტორის თანამშრომელთა უმეტესობა ვალდებული იქნება, შესაბამის ორგანოებს იმ პირთა შესახებ შეატყობინოს, რომლებიც შესაძლოა, ქვეყანაში არალეგალურად იმყოფებოდნენ
შვედეთის საჯარო სექტორის თანამშრომელთა უმეტესობა ვალდებული იქნება, შესაბამის ორგანოებს იმ პირთა შესახებ შეატყობინოს, რომლებიც შესაძლოა, ქვეყანაში არალეგალურად იმყოფებოდნენ

„გარდიანის“ ცნობით, შვედეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა მიგრანტების უფლებების შეზღუდვას და მიიღო კანონები, რომლებიც ხელისუფლებას აძლევს უფლებას, ბინადრობის ნებართვა გააუქმოს „ცუდი ქცევის ბუნდოვანი კრიტერიუმების“ საფუძველზე.

ახალი კანონების მიხედვით, საჯარო სექტორის თანამშრომელთა უმეტესობას დაეკისრება ვალდებულება, შეატყობინონ შესაბამის ორგანოებს იმ პირთა შესახებ, რომლებიც შესაძლოა, ქვეყანაში არალეგალურად იმყოფებოდნენ.

ახალი კანონმდებლობა შეეხება, როგორც მომავალ და მიმდინარე განაცხადების მქონე ბინადრებს, მას ექნება უკუქმედითი ძალა და გავრცელდება ქვეყანაში მცხოვრებ ბევრ უცხოელზეც.

„ძალისხმევას ვინც არ იჩენს, რომ სწორად მოიქცეს, არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ ქვეყანაში დარჩენას შეძლებს“, – განაცხადა შვედეთის მიგრაციის მინისტრმა, იოჰან ფორსელმა.

მიუხედავად იმისა, რომ კანონში კონკრეტულად არ არის ჩამოთვლილი, რა ტიპის ქცევა ჩაითვლება მიუღებლად, მთავრობამ მაგალითად დაასახელა გადაუხდელი ვალები, გადასახადებისგან თავის არიდება, დანაშაულებრივი საქმიანობა და ექსტრემისტულ ორგანიზაციებთან კავშირები.

ბინადრობის ნებართვების გადახედვა შვედეთის მიგრაციის სააგენტოს დაევალება, მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება შესაძლებელი იქნება.

„გარდიანის“ ცნობით, ახალი კანონმდებლობა სექტემბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ მიიღეს. არჩევნებში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან მემარჯვენე-ცენტრისტული მთავრობა და ულტრამემარჯვენე პარტია „შვედი დემოკრატები“, რომელმაც განაცხადა, რომ მათი მიზანია, შვედეთმა არაევროპელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი წესები დანერგოს.