შვედეთის საგარეო უწყება - უკრაინის პარლამენტის მიერ გუშინ მიღებული კანონი სერიოზულ შეშფოთებას იწვევს უკრაინის ანტიკორუფციული ინსტიტუტების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით
შვედეთის საგარეო უწყება - უკრაინის პარლამენტის მიერ გუშინ მიღებული კანონი სერიოზულ შეშფოთებას იწვევს უკრაინის ანტიკორუფციული ინსტიტუტების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ უკრაინის პარლამენტის მიერ გუშინ მიღებული კანონი შეშფოთებას იწვევს უკრაინის ანტიკორუფციული ინსტიტუტების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ნათქვამია უწყების მიერ სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„უკრაინის პარლამენტის მიერ გუშინ მიღებული კანონი სერიოზულ შეშფოთებას იწვევს უკრაინის ანტიკორუფციული ინსტიტუტების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. უკრაინამ ბოლო ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია კორუფციასთან ბრძოლაში – კურსის შენარჩუნება აუცილებელია. შვედეთი კვლავაც ძლიერ პარტნიორად რჩება უკრაინაში რეფორმების განხორციელებისთვის“, – ნათქვამია შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობას ზღუდავს.

კერძოდ, ცვლილებები ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის დამოუკიდებლობას აუქმებს და მათ გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებებს უქვემდებარებს.

ამასთან, ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრი ბენჟამინ ჰადადი მოუწოდებს უკრაინას, გააუქმოს კანონი, რომელიც ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობას ზღუდავს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ვითარების შეცვლა ჯერ დაგვიანებული არ არის.

„ჯერ არ არის გვიანი ამაზე უარის თქმა. ჩვენ უკიდურესად ყურადღებით დავაკვირდებით ამ საკითხს“, – განაცხადა ჰადადმა.