შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - გვჯერა, ნატო-ში გაწევრიანება არის საუკეთესო გზა ჩვენი უსაფრთხოებისთვის
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - გვჯერა, ნატო-ში გაწევრიანება არის საუკეთესო გზა ჩვენი უსაფრთხოებისთვის

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ენ ლინდეს განცხადებით, ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლების ხელის მოწერა მნიშვნელოვანი ნაბიჯია სრული წევრობის გზაზე. მისივე განმარტებით, ამჟამად თითოეულ მოკავშირე ქვეყანაში რატიფიკაციის პროცესი იწყება.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ შვედეთი წვლილს შეიტანს ყველა მოკავშირის უსაფრთხოებაში.

„დიდი პატივია დღეს აქ, ნატო-ს შტაბბინაში მეგობრებთან ერთად ყოფნა. გენერალურმა მდივანმა, ჩემმა ფინელმა კოლეგამ და მე სულ ახლახანს მონაწილეობა მივიღეთ ისტორიულ მომენტში –  შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების პროტოკოლის ხელი მოწერა ყველა მოკავშირის მიერ, რაც ფინეთსა და შვედეთს მიწვეულთა სტატუსს ანიჭებს. დღევანდელი ხელმოწერა მნიშვნელოვანი ნაბიჯია სრული წევრობის გზაზე. ახლა, თითოეულ მოკავშირე ქვეყანაში იწყება რატიფიკაციის პროცესი. 17 მაისს, ზუსტად 7 კვირის წინ, მე ხელი მოვაწერე შვედეთის განზრახვაზე ფორმალურ წერილს, ნატო-ს წევრობაზე მოთხოვნით, რომელიც მომდევნო დღეს გენერალურ მდივანს წარედგინა. შვედეთის მთავრობამ გადაწყვიტა ნატო-ს წევრობაზე განაცხადის გაკეთება ევროატლანტიკურ ზონაში უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესების ფონზე, რუსეთის მიერ მისი მეზობლის, მშვიდობიანი, დემოკრატიული და სამხედრო ბლოკგარეშე სტატუსის მქონე უკრაინის წინააღმდეგ არაპროვოცირებული, უკანონო და გაუმართლებელი ომის შემდეგ. როგორც ალიანსის მომავალი წევრი, შვედეთი წვლილს შეიტანს ყველა მოკავშირის უსაფრთხოებაში. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი წევრობა გააძლიერებს ნატო-ს და ხელს შეუწყობს სტაბილურობას ევროატლანტიკურ სივრცეში. ჩვენ შევასრულებთ ჩვენს ნაწილს ნატო-ს კოლექტიურ თავდაცვაში წვლილის შეტანით, სხვა მოკავშირეების მხარდამხარ. შვედეთის ამ გადაწყვეტილებას უდიდესი პოლიტიკური, თუ საზოგადოებრივი მხარდაჭერა ჰქონდა. ჩვენ გვჯერა, რომ ნატო-ში გაწევრიანება არის საუკეთესო გზა შვედეთისთვის, ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და შვედების უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ფინეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლებს მოაწერეს ხელი. მედიის ცნობით, ორივე ქვეყნის ალიანსში გაწევრიანება ნატო-ს 30 ქვეყნის მიერ ამ დოკუმენტების რატიფიკაციის შემდეგ მოხდება.