შვედეთის რამდენიმე ქალაქში უცნობმა პირებმა ასზე მეტი ავტომობილი დაწვეს [ვიდეო]
შვედეთის რამდენიმე ქალაქში უცნობმა პირებმა ასზე მეტი ავტომობილი დაწვეს [ვიდეო]

შვედეთის რამდენიმე ქალაქში უცნობმა პირებმა ასზე მეტი ავტომობილი დაწვეს. 14 აგვისტოს ღამეს თავდასხმის სამიზნე ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მდებარე 20-მდე სხვადასხვა ადგილი გახდა.

მხოლოდ ქალაქ გეტემბორგში 14 აგვისტოს ღამეს მინიმუმ 88 ავტომობილი დაიწვა. გეტემბორგის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, უცნობი პირები თავდასხმებს ქალაქის სხვადასხვა ნაწილში ახორციელებდნენ.

ქალაქ ტროლჰეტანში კი 40-მდე პირი ავტომობილების დაწვასთან ერთად სამართალდამცველებს თავს ესხმოდა და მათი მიმართულებით ქვებს ისროდა.

ადგილობრივი პოლიცია აცხადებს, რომ აღნიშნული საქმე შესაძლოა, ორგანიზებული დანაშაული იყოს.

სამართალდამცველების ინფორმაციით, თავდამსხმელები კოორდინაციას შესაძლოა სოციალური ქსელების საშუალებით ახერხებდნენ. მომხდარზე პოლიციას ჯერ არავინ დაუკავებია.

თვითმხილველების ცნობით, თავდასხმებს შავ ტანსაცმელში გამოწყობილი შენიღბული ახალგაზრდა მამაკაცები ახორციელებდნენ. ისინი ძირითადად სავაჭრო ცენტრებსა და საავადმყოფოებთან არსებულ პარკინგებს არჩევდნენ.