შვედეთის პრემიერ-მინისტრს ქვეყნის პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა
შვედეთის პრემიერ-მინისტრს ქვეყნის პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა

შვედეთის პრემიერ-მინისტრს, სტეფან ლოფვენს ქვეყნის პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა. სოციალ-დემოკრატი ლოფვენის გადაყენებას მხარი ნაციონალისტურმა პარტიამ, „შვედეთის დემოკრატებმა“ დაუჭირეს.

პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ ხმა 204-მა დეპუტატმა მისცა, მომხრე კი 142 იყო. ახალი ლიდერი შვედეთის პარლამენტის ახალმა სპიკერმა უნდა წარადგინოს, პროცესი შესაძლოა, რამდენიმე კვირა გაგრძელდეს.

9 სექტემბრის საპარლამენტო არჩევნებში სტეფან ლოფვენის მემარცხენე-ცენტრისტულმა ბლოკმა 144 ადგილი მიიღო, თუმცა წინა არჩევნებთან შედარებით, 15 ადგილი დაკარგა. მეორე ადგილზე გავიდა ოპოზიციური მემარჯვენე-ცენტრისტების ალიანსი 143 ადგილით.

ოპოზიციურმა ბლოკმა წინა არჩევნების შემდეგ 14 ადგილი დაკარგა. ახალ პარლამენტში მესამე ადგილზეა ნაციონალისტური „შვედეთის დემოკრატების“ პარტია, რომელმაც პოზიციები გაიძლიერა და 62 მანდატი მიიღო.