შვედეთის პრემიერ-მინისტრი - ისტორიული დღეა, ერთიანობა და სოლიდარობა იქნება შვედეთის, როგორც ნატო-ს წევრის, სახელმძღვანელო
შვედეთის პრემიერ-მინისტრი - ისტორიული დღეა, ერთიანობა და სოლიდარობა იქნება შვედეთის, როგორც ნატო-ს წევრის, სახელმძღვანელო

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა აშშ-ის მთავრობას ნატო-ში ქვეყნის გაწევრიანებასთან დაკავშირებული საბოლოო დოკუმენტი ვაშინგტონში გადასცა. დოკუმენტის გადაცემის შემდეგ მედიასთან იასუბრეს შვედეთის პრემიერ-მინისტრმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.

„დღეს მართლაც ისტორიული დღეა. შვედეთი ახლა ნატო-ს წევრია. ჩვენ თავმდაბლები ვართ, მაგრამ ასევე ვამაყობთ. გავამართლებთ ნატო-ს ყველა მოკავშირის დიდ მოლოდინებს. ერთიანობა და სოლიდარობა იქნება შვედეთის, როგორც ნატო-ს წევრის, სახელმძღვანელო. ჩვენ ვიზიარებთ ტვირთს, პასუხისმგებლობასა და რისკებს სხვა მოკავშირეებთან ერთად. როგორც მდივანმა ბლინკენმა აღნიშნა, დღეს თავისუფლების გამარჯვებაა. ნატო-ში გაწევრიანებით შვედეთმა გააკეთა თავისუფალი, დემოკრატიული, სუვერენული და ერთიანი არჩევანი“, – აღნიშნა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, ულფ კრისტერსონმა განაცხადა, რომ რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასეთი სერიოზული არ ყოფილა.

„რუსეთი სერიოზულ საფრთხედ დარჩება ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის უახლოეს მომავალში. უკრაინა მამაცურად იბრძვის თავისი თავისუფლებისთვის, მაგრამ ასევე იცავს ევროპის თავისუფლებას“, – განაცხადა ულფ კრისტერსონმა.

შვედეთი ნატო-ს 32-ე წევრი ოფიციალურად გახდა.