შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარე - საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაცია და საარჩევნო კოდექსის რეფორმა მნიშვნელოვანია, შვედეთი რჩება ევროპული ამბიციების მხარდამჭერად
შვედეთი რჩება საქართველოს ევროპული პერსპექტივის მტკიცე მხარდამჭერად. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, ევროინტეგრაცია გაგრძელდეს, – ამის შესახებ შვედეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარემ ანდრეას ნორლენმა განაცხადა.
მისივე თქმით, პოზიტიური მოვლენაა, როდესაც ყველა პარტია არის წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში და მუშაობს.
„მე კიდევ ერთხელ დავადასტურებ შვედეთის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და ჩვენს მხარდაჭერას დემოკრატიული კონსოლიდაციისადმი. ძალიან პოზიტიური მოვლენაა, რომ ყველა პარტია არის წარმოდგენილი პარლამენტში და მუშაობს. ძალიან კარგია დემოკრატიულ სახელმწიფოში, როდესაც ყველა მონაწილეობს და იქმნება კულტურა, როდესაც შეიძლება კომპრომისების პოვნა და საერთო ენის გამონახვა, იმის ნაცვლად, რომ პარტიები მუდმივად ერთმანეთს ებრძოდნენ“, – განაცხადა ანდრეას ნორლენმა.
ამასთან, შვედეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ დემოკრატიული კონსოლიდაცია არის ევროინტეგრაციის ერთ-ერთი ქვაკუთხედი. მისივე თქმით, შვედეთი რჩება საქართველოს ევროპული ამბიციების მხარდამჭერად.
„ჩვენ ვნახეთ პოზიტიური განვითარება, როდესაც საქმე ეხება დემოკრატიულ კონსოლიდაციას. ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანია ამ პროცესის გაგრძელება, რადგან ეს არის ევროინტეგრაციის ერთ-ერთი ქვაკუთხედი. საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაცია და საარჩევნო კოდექსის რეფორმა მნიშვნელოვანია. მე ვარ ოპტიმისტურად განწყობილი და შვედეთი რჩება საქართველოს ევროპული ამბიციების მხარდამჭერად“, – აღნიშნა შვედეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
რაც შეეხება საქართველოს მიერ 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის გაკეთების გეგმას, ანდრეას ნორლენის თქმით, საკითხზე კომენტარი შვედეთის მთავრობამ უნდა გააკეთოს და მას ამაში ჩარევა არ სურს.
„საქართველოს მთავრობის მიერ 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის გაკეთების გეგმაზე კომენტარი შვედეთის მთავრობამ უნდა გააკეთოს და მე არ მინდა ამაში ჩარევა“, – აღნიშნა ანდრეას ნორლენმა.
შეგახსენებთ, ავსტრიაში პარლამენტის სპიკერების მეხუთე მსოფლიო კონფერენცია იმართება, რომელშიც ასევე მონაწილეობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა.